ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პესკოვი: პუტინს არ აქვს დაგეგმილი ტრამპისთვის გამარჯვების მილოცვა


რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს არ აქვს დაგეგმილი დონალდ ტრამპის გამარჯვების მილოცვა აშშ-ის არჩევნებში. პესკოვის თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ისტორიულ მინიმუმზეა და მათი გაუარესება პრაქტიკულად შეუძლებელია. მან აღნიშნა, რომ ვაშინგტონს შეუძლია შეცვალოს თავისი საგარეო პოლიტიკის კურსი, თუმცა ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ იანვარში, როდესაც ტრამპი ოფიციალურად დაიკავებს თანამდებობას.

ეს იმ ფონზე, როცა მსოფლიო ლიდერებმა დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა მიულოცეს და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ქვეყანა გააგრძელებს თანამშრომლობას შეერთებულ შტატებთან ურთიერთპატივისცემის საფუძველზე.

მსოფლიო ლიდერების რეაქციები, რომელთა უმეტესობაც სოციალურ ქსელ "ექსზე" გავრცელდა, ასეთი იყო:

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანი: „გილოცავთ დონალდ ტრამპ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. მჯერა, რომ ამ ახალ ეპოქაში მეტი ძალისხმევა იქნება მიმართული უფრო სამართლიანი მსოფლიოსთვის.“

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი: „გერმანია და აშშ დიდი ხანია წარმატებით თანამშრომლობენ ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს კეთილდღეობისა და თავისუფლების ხელშეწყობისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საქმეს ჩვენი მოქალაქეების სასარგებლოდ.“

ირლანდიის პრემიერ-მინისტრი საიმონ ჰარისი: „გილოცავთ აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გამარჯვებას. ამერიკის შეერთებული შტატების ხალხმა თავისი სიტყვა თქვა და ირლანდია იმუშავებს ჩვენი ხალხებისა და ერების ისტორიული და ურღვევი კავშირების გაღრმავებისა და განმტკიცებისთვის მომდევნო წლებში.“

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იუნ სოკ იოლი: „გილოცავთ, @realDonaldTrump! თქვენი ძლიერი ლიდერობით, კორეის რესპუბლიკის-აშშ-ის ალიანსისა და ამერიკის მომავალი კიდევ უფრო ნათელი იქნება. მოუთმენლად ველი თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობას.“

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი: "გილოცავთ არჩევნებში გამარჯვებას, ბატონო პრეზიდენტო დონალდ ტრამპ! ახლა, როგორც არასდროს, საჭიროა ძლიერი 🇺🇸 – ჩვენი 33-წლიანი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი – რათა მხარი დაუჭიროს 🇬🇪-ს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, გააძლიეროს რეგიონალური უსაფრთხოება და სტაბილურობა და დაიცვას ჩვენი თავისუფლება და დამოუკიდებლობა".

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი: "ვაფასებ პრეზიდენტ ტრამპის ერთგულებას გლობალურ საკითხებში მისი მიდგომისადმი: "ძლიერებით მშვიდობისკენ". ეს სწორედ ის პრინციპია, რომელსაც უკრაინისთვის პრაქტიკულად სამართლიანი მშვიდობის მოტანა უფრო შეუძლია".

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ: "გილოცავთ ისტორიაში უდიდეს დაბრუნებას! თეთრ სახლში თქვენი ისტორიული მობრუნება ამერიკისთვის ახალი დასაწყისის, და ისრაელსა და ამერიკას შორის დიადი ალიანსის მომასწავებელია", - განაცხადა მან.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი: "პრეზიდენტო დონალდ ტრამპ, გილოცავთ. მზად ვარ ვიმუშაოთ ერთად ისე, როგორც ამას ოთხი წლის განმავლობაში ვაკეთებდით, თქვენი და ჩემი რწმენით, პატივისცემითა და ამბიციით, მეტი მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის".

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი: "უდიდესი დაბრუნება შეერთებული შტატების პოლიტიკის ისტორიაში! ვულოცავ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გრანდიოზულ გამარჯვებას, რომელიც მსოფლიოს ასე ძლიერ სჭირდებოდა".

XS
SM
MD
LG