ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტად აირჩიეს


დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტად აირჩიეს, რაც მისი გამორჩეული დაბრუნებაა თეთრ სახლში ოთხი წლის შემდეგ.

78 წლის ტრამპმა ოთხშაბათს თეთრი სახლი დაიბრუნა მას შემდეგ, რაც მოიპოვა საარჩევნო კოლეგიის საჭირო 270 ხმაზე მეტი, Edison Research-ის პროგნოზის მიხედვით. გადამწყვეტი შტატის, ვისკონსინის, მოგებამ მას გამარჯვება მოუტანა.

„ამერიკამ მოგვცა უპრეცედენტო და ძლიერი მანდატი,“ – განაცხადა ტრამპმა ოთხშაბათ დილით ფლორიდაში, პალმ-ბიჩის საკონვენციო ცენტრში შეკრებილ მხარდამჭერებთან.

დონალდ ტრამპმა რესპუბლიკელთა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ ჯეი დი ვენსთან ერთად, თავის მხარდამჭერებს საზეიმო სიტყვით მიმართა. მან მხარდაჭერისთვის ოჯახის წევრებს და თანამებრძოლებს დიდი მადლობა გადაუხადა და ამომრჩევლებს დაპირებათა შესრულების პირობა კიდევ ერთხელ მისცა.

ტრამპის პოლიტიკური კარიერა თითქოს დასრულებული იყო, მას შემდეგ რაც მისმა განცხადებებმა არჩევნების გაყალბების შესახებ მის მხარდამჭერებს კაპიტოლიუმის შტურმისაკენ უბიძგა 2021 წლის 6 იანვარს, რაც მის 2020 წლის მარცხის შეცვლის წარუმატებელი მცდელობა იყო.

თუმცა, ტრამპმა რესპუბლიკურ პარტიაში მის წინააღმდეგ წამოყენებული გამოწვევები გადალახა და დაამარცხა დემოკრატი კანდიდატი კამალა ჰარისი. მან ისარგებლა ამომრჩეველთა შეშფოთებით მაღალ ფასებსა და იმიგრაციაზე. ტრამპი კამპანიას წარმართავდა მწვავე რიტორიკით, რამაც ქვეყნის პოლარიზაცია კიდევ უფრო გააღრმავა.

შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის ბედს მარტივი უმრავლესობის ხმები არ წყვეტს. გამარჯვებულს 538 ელექტორისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია გამოავლენს. ყოველ შტატს, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ელექტორების განსაზღვრული რაოდენობა ჰყავს.

47-ე პრეზიდენტის გარდა, ამერიკელები ასევე ირჩევენ წარმომადგენელთა პალატის ყველა, 435-ივე წევრს, სენატში - 34 სენატორს, ჯამში - ქვეყნის 468 კანონმდებელს. ბიულეტენზე ბევრგან ადგილობრივი, შტატის თუ ქალაქის მთავრობათა და საკანონმდებლო ორგანოთა მნიშვნელოვანი პოსტებიცაა.

XS
SM
MD
LG