მას შემდეგ, რაც რუსულმა ჯარმა კიევის ოლქი დატოვა და სრული კონტროლი დედაქალაქის შემოგარენზე უკრაინამ აღადგინა, რამდენიმე ქალაქში ძალიან მძიმე ვითარებაა. ერთ-ერთი ასეთი ადგილი ბუჩაა, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილი ქუჩაშია მოკლული. ჟურნალისტები ამბობენ, რომ ცხედრებია გზებზე, სადარბაზოებში და სახლებში. მსხვერპლის სრული რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.
კიევში ამბობენ, რომ მშვიდობიან მოსახლეობას რუსული ჯარი გაუსწორდა, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ვითარება უკვე შეაფასა გენოციდად. კრემლში ამბობენ, რომ უკრაინის ხელისუფლების განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება და რუსულ ჯარს მშვიდობიანი მოსახლეობა არ მოუკლავს.
„ეს ინფორმაცია სერიოზულად უნდა დადგეს ეჭვქვეშ,’- თქვა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს და დაამატა, რომ ვიდეოები, რომელიც გამოქვეყნდა გაყალბებულია.
„ჩვენმა ექსპერტებმა გამოავლინეს ვიდეო გაყალბების ნიშნები და სხვა შეუსაბამო ფაქტები,“- ამბობს პესკოვი და ამატებს, რომ უკრაინის ხელისუფლების ბრალდებებს ფაქტები ვერ ამყარებს.
Your browser doesn’t support HTML5
„ვითარება უდავოდ სერიოზულია. ჩვენ მოვითხოვთ, რომ საერთაშორისო ლიდერებმა არ იჩქარონ განცხადებების გაკეთების დროს. მოვითხოვთ, მათ განცხადებების გაკეთებამდე მხარეთა არგუმენტები მოისმინონ,“- ამბობს პესკოვი.
კრემლში ამბობენ, რომ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ პროვოკაციას აწყობს. მოსკოვში ამტკიცებენ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის უკან ისინი არ დგანან და ამბობენ, რომ რუსი დიპლომატები გააგრძელებენ ძალისხმევას, რომ დაამტკიცონ რუსული არმიის უდანაშაულობა. რუსეთი მოითხოვს გაეროს უშიშროების საბჭოს მოწვევას და საკითხის იქ განხილვას.
„თვითონ ინიციატივა, ამ თემის გაეროს უშიშროების საბჭოს პლატფორმაზე განხილვის შესახებ, მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთს სურს გამოძიება და ამ საკითხის საერთაშორისო დონეზე განხილვა,“- ამბობს პესკოვი.
საკითხის განხილვას გაეროში მოითხოვს უკრაინა. კიევში ამბობენ, რომ კიევის ოლქში რუსი სამხედროების ქმედებები ომის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ბოლო ორი დღის განმავლობაში, ასობით მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარს უკრაინის შესაბამისი სამსახურები კრძალავენ. ბუჩასა და ირპენში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც ქალაქებში მაშინ იმყოფებოდნენ, როცა ქალაქებს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ, მძიმე ისტორიებს ყვებიან.
მოკლული მოქალაქეების ნაწილს ხელები შეკრული აქვთ. დამწვარი და განადგურებულია ავტომობილები და საცხოვრებელი სახლებიც. უკრაინელთა ნაწილი ამბობს, რომ რუს სამხედროებს მათი დიდი ნაწილი ტყვედ ჰყავდათ აყვანილი და სარდაფებიდან გამოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ.