ავღანეთის ახალმა მთავრობამ დღეს ქვეყანაში ნარკოტიკების დამზადება აკრძალა. თალიბანის განცხადებით, სხვა ნარკოტიკულ საშუალებებთან ერთად, უკანონო ხდება ყაყაჩოების კულტივაციაც, რაც ნარკოტიკ ოპიუმის დამზადების მიზნით ხდება.
ავღანეთი მსოფლიოში ოპიუმის ყველაზე დიდი მწარმოებელია. იქ ოპიუმის გლობალური პროდუქციის, დაახლოებით, 85% მზადდება.
მმართველი ისლამისტური დაჯგუფების მიერ კვირას გამოცემული განკარგულება, რომელსაც ხელს აწერს თალიბანის ლიდერი ჰაიბათულა ახუნძადა, არამარტო ნარკოტიკის წარმოებას კრძალავს, არამედ უკანონოდ აცხადებს მის გამოყენებას, ტრანსპორტირებას და ნარკოტიკებით ვაჭრობას, ასევე - სხვა ქვეყნებიდან იმპორტს.
"თუკი ვინმე კანონს დაარღვევს, მოსავალი მაშინვე განადგურდება, დამრღვევს კი მოექცევიან შარიათის კანონონის მიხედვით" - აცხადებს თალიბანი. განცხადება ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრმა ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე გაახმოვანა.
გაეროს ანგარიშით, ავღანეთში ოპიუმით მიღებული შემოსავალი 2021 წელს $1.8- მილიარდიდან $2.7 მილიარდამდე იყო. თუმცა, გაცილებით დიდი მოგება რჩებოდა ქვეყნის გარეთ, იქ სადაც ოპიუმის ექსპორტი ხორციელდებოდა.