კლობუჩარი ბაიდენს მოუწოდებს, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ფერადკანიანი ქალი შეარჩიოს

ემი კლობუჩარი და ჯო ბაიდენი

ემი კლობუჩარი, რომელიც ახლო წარსულში დემოკრატიული პარტიიდან საპრეზიდენტო კანდიდატობის ნომინაციისთვის იბრძოდა, აცხადებს, რომ ჯო ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ფერადკანიანი ქალი უნდა შეარჩიოს. მინესოტის შტატის სენატორმა ეს ჯერ დემოკრატიული პარტიის სავარაუდო ნომინანტს პირადად უთხრა, ხუთშაბათს კი განცხადება საჯაროდ გააკეთა და თქვა, რომ "თუ ახლა გინდა, რომ ერს ტკივილი მოუშუშო, ეს სწორი გზა იქნება".

კლობუჩარი ბაიდენის კამპანიაში ვიცე-პრეზიდენტობის ერთ-ერთ წამყვან კანდიდატად განიხილებოდა. მისი შანსები მართლაც მაღალი იყო, მინესოტის შტატში ჯორჯ ფლოიდის სიკვდილამდე და რასიზმის წინააღმდეგ მასობრივი მოძრაობის დაწყებამდე. ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიესალმა მის განცხადებას და "ტვიტერზე" დაწერა: "შენი დახმარებით, ჩვენ დონალდ ტრამპს ნამდვილად დავამარცხებთ".

ასევე ნახეთ: ბაიდენის ასაკი დიდ გავლენას ახდენს საპრეზიდენტო კამპანიაზე და ვიცე-პრეზიდენტის შერჩევის პროცესზე

საქმე იმაშია, რომ კლობუჩარი წარსულში იმ რეგიონის გენერალური პროკურორი იყო, სადაც ქალაქი მინეაპოლისიც შედიოდა, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების ადგილი. როგორც გაირკვა, იმ წლების განმავლობაში, პოლიციასთან დაპირისპირებისას ათეულობით ადამიანი დაიღუპა და უმეტესობა უმცირესობის წარმომადგენელია. კლობუჩარს ახლა აკრიტიკებენ იმისთვის, რომ იმ პერიოდში მას თურმე მომხდარის გამო, არცერთი პოლიციელი არ გაუსამართლებია.