ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემოკრატიული პარტია ეროვნული ყრილობის დაწყებას აყოვნებს


შეერთებული შტატების დემოკრატიულმა პარტიამ საპრეზიდენტო ნომინაციის გამოსაცხადებელი ეროვნული ყრილობის ჩატარების თარიღი, კორონავირუსის პანდემიის მიერ შექმნილი გაურკვევლობის გამო, ივლისიდან აგვისტოში გადაიტანა.

ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ჩატარებული ღონისძიება, სადაც დემოკრატები სავარაუდოდ ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ნომინაციას მოახდენენ, ივლისის შუა რიცხვებში, შუა-დასავლეთის შტატ ვისკონსინის, ქალაქ მილუოკიში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ახლა ის 17 აგვისტოს დაიწყება.

დაყოვნების შესახებ განცხადების გაკეთებისას, პარტიამ თქვა, რომ ღონისძიების ზომა და ფორმაც კი არ არის დადგენილი და ჩატარების თარიღის მოახლოებასთან ერთად, კორონავირუსის თაობაზე მედიკოსების და გადაუდებელი დახმარების მუშაკების რჩევებს გაითვალისწინებენ, რათა დაიცვან ათასობით ადამიანი, რომელიც ჩვეულებრივ ამ ყრილობას ესწრება.

ყოველ ოთხ წელიწადში ჩატარებული, დემოკრატიული და რესპუბლიკური ეროვნული ყრილობები, ამერიკული დემოკრატიის მოქმედების თვალსაჩინო ნიმუშია. მიუხედავად იმისა, რომ საპრეზიდენტო ნომინაცის საკითხი ყრილობამდე რამდენიმე კვირით ადრე უკვე გადაწყვეტილია ხოლმე, ასეთი შეკრება დროშების მოფრიალე ათასობით პოლიტიკურ აქტივისტს საშუალებას აძლევს, რამდენიმე დღის განმავლობაში ტაში დაუკრას სიტყვით გამომსვლელებს, რომლებიც ოპონენტებს აკრიტიკებენ.

ახლა, როდესაც დემოკრატებმა ყრილობის ჩატარების ახალი თარიღი გამოაცხადეს, ორი ეროვნული პარტია თავის ყრილობას ერთმანეთის მიყოლებით ჩაატარებს, რაც ჩვეულებრივ არ ხდება ხოლმე.

რესპუბლიკელები ყრილობის გახსნას 24 აგვისტოს, ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ქალაქ შარლოტში გეგმავენ.

XS
SM
MD
LG