ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ უნი ვლადივოსტოკში მატარებლით ჩავიდა. ის რუსეთში პირველად შეხვდება ქვეყნის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს.
კიმ ჩენ უნი იმედს გამოთქვამს, რომ "ეს არ იქნება მისი ბოლო მოგზაურობა რუსეთში". მომავალ შეხვედრასთან დაკავშირებით ის ამბობს, რომ ეს პირველი ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობების დასამყარებლად.
რუსეთის შორეული აღმოსავლეთის საპორტო ქალაქ ვლადივოსტოკში ჩრდილოეთ კორეის ლიდერს რკინიგზის სადგურზე საზეიმო მიღება მოუწყვეს, რომელშიც სამხედრო ორკესტრი მონაწილეობდა. ორ ლიდერს შორის შეხვედრა ხუთშაბათს იგეგმება.
ჩრდილოეთ კორეა საერთაშორისო იზოლაციის გარღვევას ცდილობს. კიმ ჩენ უნი ორჯერ შეხვდა შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, სამჯერ - სამხრეთ კორეის პრეზიდენტს მუნ ჯე-ინს და ოთხჯერ - ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს.