ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, 2016 წლის არჩევნების შედეგებზე ზემოქმედებას უკანონოდ ცდილობდა - ამ დასკვნამდე ერთხმად მივიდნენ ნიუ-იორკის სასამართლოს ნაფიცი მსაჯულები ხუთშაბათს, 30 მაისს. 2016 წელს ტრამპმა შეერთებული შტატების არჩევნებში გაიმარჯვა და ქვეყნის 45-ე პრეზიდენტი გახდა.
12 ნაფიცი მსაჯული საქმეზე ბოლო ორი დღის განმავლობაში მსჯელობდა და მათ ტრამპი დამნაშავედ ბრალდების 34-ივე პუნქტში ცნეს. 77 წლის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დანაშაულზე მიმდინარე სასამართლო პირველია ამერიკის ისტორიაში, რომლის დროსაც, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს.
ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მონაწილეობს და ამ ეტაპზე რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად განიხილება. ნოემბრის არჩევნებზე მისი სავარაუდო ოპონენტი ამჟამინდელი დემოკრატი პრეზიდენტი ჯო ბაიდენია, რომელმაც ის წინა, 2020 წლის, არჩევნებში დაამარცხა.
ტრამპს ახლა პირობითი სასჯელი, ან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. განაჩენის გამოტანის დღედ 11 ივლისი დაინიშნა. ეს საპრეზიდენტო კამპანიის სეზონის შუაგული იქნება. 15 ივლისს, რესპუბლიკელთა ეროვნული ყრილობა უნდა გაიხსნას, რომელმაც საყოველთაო მოლოდინით, ტრამპი პარტიის 2024 წლის არჩევნებზე თავის საპრეზიდენტო ნომინანტად უნდა დაასახელოს.
სასამართლოს დარბაზში ვერდიქტის გამოცხადებისას, ტრამპს დიდი ემოცია არ გამოუხატავს. თუმცა, დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ, მას სახე შედარებით დაძაბული ჰქონდა. იქ შეკრებილ ჟურნალისტებთან ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს "უღირსი" განაჩენია და რომ ამ ამბის დასრულებამდე ჯერ დიდი დროა.
მოგვიანებით, თავის სოციალურ ქსელში Truth Social ტრამპმა დიდი ასოებით დაწერა: "ამ უაღრესად პოლიტიკური, არაკონსტიტუციური და არჩევნებში ჩარევის მიზნით, კუდიანებზე ნადირობით, ჩემი სამოქალაქო უფლებები სრულებით დაირღვა. ჩვენს წარუმატებელ ერს მთელ მსოფლიოში დასცინიან"!
ვერდიქტის გამოცხადებისთანავე, ტრამპის საარჩევნო კამპანიამ საკუთარ ხელმომწერებს, თანხების მოზიდვის მიზნით, ელექტრონული წერილი გაუგზავნა. წერილშიც ყოფილი პრეზიდენტი დიდი ასოებით წერს: "მე ვარ პოლიტპატიმარი"!
ასევე ნახეთ: ტრამპის საქმის მოსამართლე ყოფილ პრეზიდენტს კვლავ აჯარიმებს და საპატიმრო ზომაზე გაფრთხილებას გამოთქვამსმანჰეტენის სასამართლო ტრამპს ბრალს სდებდა დოკუმენტების გაყალბების 34 შემთხვევაში. აღნიშნული დოკუმენტები ემსახურებოდა პორნოგრაფიული ჟანრის ფილმის მსახიობის, სტორმი დენიელსის გაჩუმებისთვის გადახდილი 130 000 დოლარის გადამალვას. 34-პუნქტიანი საბრალდებო დასკვნის მიხედვით, მან კომპანიის ბიზნეს-ჩანაწერები "ტრამპის ორგანიზაციის" უძრავი ქონების კონგლომერატში გააყალბა, რათა ეს გარიგება დაეფარა.
ტრამპის დამნაშავედ აღიარებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია. მისმა საარჩევნო კამპანიამ კი მხარდამჭერებისადმი განცხადებაში სასამართლოს ვერდიქტი ახსენა და იქვე გაიმეორა მოწოდება, რომელშიც ამერიკელ ამომრჩევლებს 5 ნოემბერს ტრამპის დამარცხებისკენ მოუწოდებს.
„დონალდ ტრამპი ყოველთვის შეცდომით მიიჩნევდა, რომ პირადი სარგებლისთვის კანონდარღვევის შედეგებს ის საკუთარ თავზე არასდროს იწვნევდა", - ამბობს ბაიდენის საარჩევნო კამპანია და დასძენს: „დღევანდელი განაჩენი არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ამერიკელი ხალხი მარტივი რეალობის პირისპირ იმყოფება. ჯერჯერობით მხოლოდ ერთი გზა არსებობს, რათა დონალდ ტრამპი [თეთრი სახლის] ოვალური ოფისის მიღმა დარჩეს. ნასამართლევი იქნება თუ არა, ტრამპი რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო ნომინაციას მიიღებს".
არსებობს მოლოდინი, რომ ტრამპი ნაფიცი მსაჯულების ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. სამართლებრივად, მას კვლავ შეუძლია საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გაგრძელება. შეერთებული შტატების კონსტიტუცია არ კრძალავს მსჯავრდებული ადამიანის პრეზიდენტად არჩევას.
თუკი ტრამპი ნოემბრის არჩევნებში გაიმარჯვებს, როგორც პრეზიდენტს, მას ფედერალური მსჯავრდებულების შეწყალების ფართო უფლებამოსილება ექნება. მაგრამ, ის ვერ შეიწყალებს მსჯავრდებულებს, რომელთაც დანაშაული შტატის სასამართლოში დაუმტკიცდათ.
ტრამპს, სულ ცოტა, კიდევ სამი სასამართლო ელოდება. მათ შორის ორი საქმე 2020 წლის არჩევნებში წაგების შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების უკანონო მცდელობის ბრალდებით წარიმართება. სამივე საქმე მის ადვოკატებსა და პროკურორებს შორის იურიდიულ საკითხებზე დავის გამო ჭიანურდება. აქედან გამომდინარე, ნიუ-იორკის საქმე შეიძლება იყოს ერთადერთი, რომელშიც ტრამპს განაჩენს ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე გამოუტანენ.
Your browser doesn’t support HTML5