ორშაბათს დონალდ ტრამპი ნიუ-იორკის სასამართლოში გამოცხადდა, რათა პირველ კრიმინალურ სასმართლოზე პროკურორებისგან მოისმინოს განმარტება, თუ 2016 საპრეზიდენტო კამპანიის დროს პორნო მსახიობისთვის სიჩუმის სანაცვლოდ გადახდილი ფულის სავარაუდო დამალვამ კანონი რატომ დაარღვია.
მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა მხარდამჭერებს მოუწოდა „მთელ ქვეყანაში“ სასამართლოებთან მშვიდობიანი პროტესტი გამოეხატათ, მას მხოლოდ მცირე ჯგუფი შეეგება, როდესაც ის სასამართლოში გამოცხადდა. სასამართლოს შენობა ბარიკადებით იყო გარშემორტყმული, მაგრამ საზოგადოებისთვის ღია იყო.
„მანჰეტენის ტერიტორია სასამართლოს შენობის გარშემო, საითაც ახლა მივდივარ, სრულიად ჩაკეტილია, როგორი უსამართლობაა!!!“ დაწერა მან სოციალურ მედიაში.
გამხსნელი განცხადებით რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატის ადვოკატებიც გამოვლენ პროცესზე, რომელიც შესაძლოა ტრამპის ოთხი კრიმინალური საქმიდან მხოლოდ ერთი იყოს, რომელიც 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჩატარდება.
პროკურორები ამბობენ, რომ ტრამპის ყოფილი ადვოკატის, მაიკლ კოენის მიერ პორნო მსახიობ სტორმი დენიელსისთვის (ნამდვილი სახელი სტეფანი კლიფორდი) მისი სიჩუმის სანაცვლოდ გადახდილმა 130,000 დოლარმა, რაც ათი წლით ადრე ტრამპთან სავარაუდო სქესობრივ ურთიერთობას ეხებოდა, 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ბოლო ეტაპზე ამომრჩევლები შეცდომაში შეიყვანა. იმ დროს ტრამპის კანდიდატურა სექსუალური ხასიათის სხვა შემთხვევების გამოაშკარავებასთან გამკლავებასაც ცდილობდა.
ტრამპმა მანჰეტენის საოლქო პროკურორ ალვინ ბრეგის მიერ წარდგენილ, ბიზნეს ჩანაწერების გაყალბების 34 ეპიზოდში ბრალდებაზე თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა და უარყოფს რომ დენიელსთან სქესობრივი ურთიერთობა ჰქონდა.
იურისპრუდენციის ბევრი ექსპერტის აზრით, ტრამპის წინააღმდეგ დაწყებული საქმეებიდან, ამ საქმეს ყველაზე ნაკლებად შეუძლია სერიოზული შედეგების გამოწვევა. გამამტყუნებელი განაჩენი მას თანამდებობის დაკავებაში ხელს ვერ შეუშლის, თუმცა კანდიდატურისთვის ზიანის მიყენება შეუძლია.
„როიტერ/იპსოსის“ გამოკითხვა აჩვენებს, რომ დამოუკიდებელი ამომრჩევლების ნახევარი და ოთხიდან ერთი რესპუბლიკელი ამბობს, რომ გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში ტრამპს ხმას არ მისცემს.