შეერთებული შტატების ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მზადაა სამხრეთ კორეასთან ერთობლივი სამხედრო წვრთნები განაახლოს. ამ განცხადებას რამდენიმე დღით წინ უსწრებდა ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვული იარაღის თაობაზე დაწყებული მოლაპარაკების გაუქმების შესახებ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება.
ივნისში, სინგაპურის სამიტზე ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ უნთან შეხვედრის დროს, პრეზიდენტმა ტრამპმა მოულოდნელად მზადყოფნა გამოთქვა შეეჩერებინა სამხრეთ კორეასთან ამერიკის ერთობლივი სამხედრო წვრთნები. ეს განცხადება ტრამპმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ფხენიანმა თქვა, რომ მზადაა იმუშაოს “კორეის ნახევარკუნძულის სრული ბირთვული განიარაღების” მიმართულებით.
ამერიკის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მატისმა პენტაგონში პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ ზაფხულს ერთობლივი წვრთნების შეჩერება “კეთილი ნების გამოხატვის ჟესტი” იყო. მან ასევე დასძინა, რომ ეს არ არის ჩრდილოეთ კორისთვის გაკეთებული უვადო შეთავაზება.
“ამ ეტაპზე არ ვგეგმავთ დამატებითი წვრთნების შეჩერებას,” თქვა მატისმა.
ერთ კვირის წინ კი შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში, ჩრდილოეთ კორეაში საგანგებო წარმომადგენლის თანამდებობაზე სტივ ბიგანი წარადგინეს. ბიგანი, რომელსაც ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში შეერთებული შტატების პოლიტიკის წარმართვა მოუწევს, სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ წარადგინა.