ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ ამ დრომდე ამერიკის შეერთებულ შტატებს არ აქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ რუსეთს უკრაინის საზღვრიდან სამხედრო შენაერთები გაჰყვას. სწორედ ამიტომ ბაიდენი კვლავ ამბობს, რომ შესაძლოა რუსეთმა უკრაინაში შეჭრა ნებისმიერ მომენტში დაიწყოს.
თეთრი სახლიდან გაკეთებულ მიმართვაში პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ თუ ნამდვილად დადასტურდება ინფორმაცია, რომ რუსეთს შენაერთები გაჰყავს, ის ამ პროცესს მიესალმება.
„რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თქვა, რომ გაკრვეული შენაერთები ტოვებენ საზღვრებს. ეს კარგი იქნება. ჩვენ აქაამდე ინფორმაციის გადამოწმება ვერ შევძელით. ჩვენ ჯერ არ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ რუსული შენაერთები ბრუნდებიან საკუთარ ბაზებზე. ყველა რუსული შენაერთი უნდა დაბრუნდეს ბაზებზე. ჩვენი ინფორმაციით, ამ დრომდე რუსეთის ჯარები აგრძელებენ თავდასხმისთვის მზადყოფნის პოზიციებში ყოფნას.
ასევე ნახეთ: რუსეთი აცხადებს, რომ ჯარის ნაწილი უკრაინის მიმდებარე ტერიტორიიდან გაჰყავსფაქტია, რომ ამ დროისთვის, უკრაინის საზღვართან და ბელარუსში რუსეთს 150 000 სამხედრო ჰყავს მობილიზებული და უკრაინაში შეჭრა შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს. სწორედ ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს დატოვონ უკრაინა, სანამ ჯერ კიდევ არის დრო და არის საშუალება მოხდეს მათი გამოყვანა უსაფრთხოდ. სწორედ ამიტომ ჩვენ დროებით გადავიტანეთ კიევიდან ლვოვში ჩვენი საელჩო“, - თქვა ბაიდენმა თეთრ სახლში.
პრეზიდენტმა ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებებზე და მასთან ბოლო სატელეფონო საუბრის შესახებაც ისაუბრა, რომელიც შაბათს შედგა. ბაიდენმა თქვა, რომ მან პუტინს კვლავ მოლაპარაკებები შესთავაზა.
„მე მას ვუთხარი რომ ჩვენ მზად ვართ დიპლომატიისთვის. ვუთხარი რომ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის. გუშინ რუსეთმა თქვა რომ სურს გააგრძელოს დიპლომატია ამას მე ვეთანხმები“, - ამბობს ბაიდენი.
ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ამერიკის მიერ გადადგმული ნაბიჯები მკაფიო და თანმიმდევრულია და შეერთებული შტატები მზად არის "ყველაფრისთვის რაც არ უნდა მოხდეს".
პრეზიდენტმა ბაიდენმა ასევე თქვა, რომ რუსეთისგან განსხვავებით ამერიკა, ნატო და უკრაინა რუსეთს და რუს ხალხს არ ემუქრება. დღესვე მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, რუსული გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ არ ამუშავდება.
ასევე ნახეთ: დუმა პუტინს სთხოვს ლუჰანსკის და დონეცკის დამოუკიდებლობა აღიაროსმიმართვის დროს ჯო ბაიდენმა, თქვა, რომ ამერიკა უკრაინაში სამხედროებს არ გზავნის, თუმცა უკრაინას სამხედრო აღჭურვილობით ამარაგებს.
„ჩვენ არ ვგზავნით ამერიკელ სამხედროებს უკრაინაში. ჩვენ მათ ვუგზავნით სამხედრო შეიარაღებას, რათა მათ საკუთარი თავის დაცვა შეძლონ“, - თქვა ბაიდენმა.
ამერიკის პრეზიდენტმა ნატოს მეხუთე მუხლის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ ერთ ქვეყანაზე თავდასხმა ყველა ქვეყანაზე თავდასხმას ნიშნავს.
„არავის შეეპაროს ეჭვი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დაიცავს, ნატოს ქვეყნების ტერიტორიის ყველა სანტიმეტრს, მთელი თავისი სამხედრო შესაძლებლობებით. ერთ ქვეყანაზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმას ნიშნავს. სწორედ ამიტომ ამერიკა უკვე აქტიურად არის ჩართული ნატოს აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერებაში. ჩვენ იქ უკვე გავგზავნეთ ათასობით ამერიკელი სამხედრო“, - აცხადებს პრეზიდენტი ბაიდენი.