რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინის მახლობლად განლაგებული ჯარის ნაწილი, წვრთნების დასრულების შემდეგ საკუთარ ბაზებს უბრუნდება.
გავრცელებულ ვიდეოში, სამინისტროს სპიკერი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფართომასშტაბიანი წვრთნები მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება, სამხრეთის და დასავლეთის სამხედრო ოლქების ზოგიერთმა ქვედანაყოფმა სწავლებები დაასრულა და ბაზებზე დაბრუნება დაიწყო.
უწყების მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებზე ჩანს, რომ ტანკები და ჯავშანტექნიკა სარკინიგზო ვაგონებზე იტვირთება.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ კიევი „დეესკალაციას დაიჯერებს“, როცა რუსეთის მიერ ჯარების გაყვანას დაინახავს. მინისტრის კომენტარს უკრაინული სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს.
„ჩვენ განუწყვეტლივ გვესმის განსხვავებული განცხადებები, რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ასე რომ, ჩვენ გვაქვს წესი.. გვჯერა მხოლოდ ის, რასაც ვხედავთ. თუ დავინახავთ [ჯარების] გაყვანას, დავიჯერებთ დეესაკალაციას“ - აცხადებს დმიტრო კულება.
რუსეთს უკრაინის საზღვრებზე 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული. დასავლელი ლიდერები აცხადებენ, რომ კრემლი უკრაინაში ხელახალი შეჭრისთვის ემზადება. კრემლი აცხადებს, რომ უკრაინაში შეჭრას არ გეგმავს. თუმცა, დასავლეთს მოთხოვნებს უყენებს. მათ შორის მოსკოვი ითხოვს, რომ უკრაინა ნატოს წევრი არასდროს გახდეს. ვაშინგტონი და ბრიუსელი აცხადებენ, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა გრძელდება.
დღეს, მოსკოვში, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას გამართავს გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი.