გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი დღეს უკრაინიდან რუსეთში მიფრინავს. ის მოსკოვში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება. ევროპაში რუსეთის უდიდესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ლიდერი კიდევ ერთხელ შეეცდება რუსეთის უკრაინაში შეჭრის პრევენციას და ევროპის კონტინენტზე მოსალოდნელი ომის შეჩერებას.
შოლცამდე იგივე მარშრუტი ბრიტანეთის და საფრანგეთის ლიდერებმა გაიარეს. ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კი უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებს ტელეფონით ესაუბრა. გერმანიის კანცლერი კიევის მსგავსად, მოსკოვშიც მხოლოდ ერთ დღეს დაჰყოფს.
ორშაბათს შოლცი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და რუსეთის თავდასხმის საფრთხის ქვეშ მყოფ ქვეყანას სოლიდარობა გამოუცხადა. კიევში ვიზიტის განმავლობაში, გერმანიის კანცლერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ დასავლეთი მზად არის მოსკოვის უსაფრთხოების შეშფოთებებთან დაკავშირებით, რუსეთთან ღია დიალოგი გაიმართოს. თუმცა, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთს სანქციები დაეკისრება.
"მოკავშირეებთან კოორდინაციით, ჩვენ მზად ვართ შორს მიმავალი შედეგების მქონე და ეფექტიანი სანქციებისთვის" - განაცხადა შოლცმა. როცა მას კითხვა გაზსადენზე "ჩრდილოეთის ნაკადი 2" დაუსვეს, გერმანიის კანცლერმა თქვა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ყველაფრის განიხილვა მოხდება: "ყველაფერი უნდა იქნას განხილული, თუ სამხედრო ინტერვენცია მოხდა".
გაზსადენი მრავალწლიანი პროექტია, რომელმაც გერმანიას რუსული ბუნებრივი აირი ბალტიის ზღვის გავლით და უკრაინის გვერდის ავლით უნდა მიაწოდოს. თითქმის 11 მილიარდ დოლარად შეფასებული მილსადენი ამ ეტაპზე დასრულებულია, თუმცა მისი ამუშავება, ფორმალური პროცესების გამო, მიმდინარე წლის მეორე ნახევრამდე შეჩერებულია.
კრემლი უკრაინაში შეჭრის გეგმებს რამდენიმე თვე უარყოფდა, მაგრამ პარალელურად, მთელი ამ ხნის მანძილზე უკრაინის გარშემო, სამი მხრიდან ჯარის ნაწილების და სამხედრო ტექნიკის მობილიზაციას აგრძელებდა. მოსკოვს ამ ეტაპზე უკრაინის საზღვრებთან 130 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს დისლოცირებული და გაგზავნილი ჰყავს დიდძალი სამხედრო ტექნიკა.
შოლცმა კანცლერის ოფისი სულ ორიოდ თვის წინ, გასული წლის დეკემბერში დაიკავა. გერმანიის კანცლერს აკრიტიკებენ, რუსეთის მიმართ რბილი მიდგომისა და "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის გარშემო, ორაზროვანი განცხადებების გამო. ბერლინი კიევმა ასევე გააკრიტიკა ამ უკანასკნელის მიერ, გერმანული წარმოების იარაღის უკრაინისთვის გადაცემის დაბლოკვის გამო.
Facebook Forum