ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ზელენსკი კანცლერ შოლცს მანსპინძლობს


გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი (მარცხნივ) და ვოლოდიმირ ზელენსკი (მარჯვნივ) კიევში გამართულ შეხვედრაზე
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი (მარცხნივ) და ვოლოდიმირ ზელენსკი (მარჯვნივ) კიევში გამართულ შეხვედრაზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს კიევში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს მასპინძლობს. გერმანიის ლიდერი უკრაინაში შექმნილი კრიზისის გამო ჩავიდა, რათა სოლიდარობა გამოუცხადოს რუსეთის შეჭრის საფრთხის წინაშე მყოფ უკრაინას.

შოლცი სამშაბათს რუსეთშიც გაემგზავრება, სადაც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება. მანამდე კი გერმანიის კანცლერმა სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" მოსკოვს დეესკალაციისკენ მოუწოდა. შოლცის თქმით, რუსეთის ქმედება სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობას ევროპაში და "შემდგომი სამხედრო აგრესია" მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს.

დასავლეთის მთავრობები არ ამბობენ, თუ კონკრეტულად რა სანქციებს დაუწესებენ რუსეთს, თუკი ის უკრაინის მიმართ აგრესიას გააგრძელებს. წინასწარი ინფორმაციით, საუბარია როგორც ეკონომიკურ, ისე ფინანსურ სანქციებზე, რაც რუსეთის ეკონომიკას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.

"ჩვენი სასწრაფო პრიორიტეტია სიტუაციის დეესკალაციის ხელშეწყობა" - ნათქვამია დიდი შვიდეულის ფინანსთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც დღეს გავრცელდა. "თუმცა, ხაზგასმით ვიმეორებთ, რომ კერძოდ, რუსეთის მხრიდან ნებისმიერ შემდგომ სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, მოჰყვება მყისიერი, კოორდინირებული და მძლავრი პასუხი. ჩვენ მზად ვართ ერთობლივად დავაწესოთ ეკონომიკური და ფინანსური სანქციები, რაც სწრაფ და მასშტაბურ შედეგებს მოუტანს რუსეთის ეკონომიკას" - წერენ ისინი.

კვირას უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთმა და ეუთოს წევრმა სხვა ქვეყნებმა მონაწილეობა მიიღონ ორდღიან შეხვედრაში, რომელიც რუსეთის ჯარების გადაადგილებებს შეეხება. შეერთებული შტატების წარმომადგენლობამ ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში, მხარი დაუჭირა კიევის მოთხოვნას და თქვა, რომ "ახლა გამჭვირვალობის დროა".

სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, კვირას პრეზიდენტ ზელენსკის ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაურეკა. მან კიევს ვაშინგტონის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა და უთხრა, რომ შეერთებული შტატები "უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული ხელშეუხებლობის" ერთგული რჩება. თეთრი სახლის განცხადების მიხედვით, ბაიდენმა ზელენსკის კვირას გარკვევით უთხრა, რომ უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი აგრესიის შემთხვევაში, ამერიკის პასუხი მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, იქნება "მყისიერი და გადამწყვეტი".

შაბათს, ბაიდენი პუტინს ტელეფონით მთელი საათის განმავლობაში ესაუბრა და გააფრთხილა ის, რომ უკრაინაში შეჭრა "ფართოდ გავრცელებულ ადამიანურ ტანჯვას" გამოიწვევს. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ვაშინგტონი მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, დიპლომატიური ნაბიჯების ერთგული რჩება, თუმცა "ნებისმიერი სხვა განვითარებისთვის ერთნაირად მზადაა".

კრემლი აცხადებს, რომ ბაიდენმა კვლავ არ უპასუხა მოსკოვის მთავარ უსაფრთხოების მოთხოვნებს, მათ შორის - ნატოში უკრაინის გაწევრიანების გამორიცხვას. დასავლეთი ამ მოთხოვნაზე პასუხად აცხადებს, რომ რუსეთს არ აქვს ვეტოს დაწესების უფლება იმაზე, თუ ვინ გახდება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი და - ვინ არა.

რუსეთი უკრაინაში შეჭრის გეგმებს უკვე რამდენიმე თვეა უარყოფს. თუმცა, მთელი ამ ხნის მანძილზე უკრაინის გარშემო, სამი მხრიდან ჯარის ნაწილების და სამხედრო ტექნიკის მობილიზაციას აგრძელებს. მოსკოვს ამ ეტაპზე უკრაინის საზღვრებთან 130 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს დისლოცირებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG