ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინას 150 ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორიც ტოვებს


ფლორიდის ეროვნული გვარდიის 150-მდე ამერიკელი სამხედრო, რომლებიც უკრაინაში ადგილობრივი შეიარაღებული ძალების გასაწვრთნელად იყვნენ მივლინებულნი, რუსეთის შესაძლო თავდასხმის საშიშროების გამო ქვეყანას ტოვებენ. ამის შესახებ განაცხადება შაბათს პენტაგონმა გააკეთა.

ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის პრეს-სპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება სიფრთხილის მიზნითაა მიღებული სახელმწიფო დეპარტამენტის იმ გადაწყვეტილების პარალელურად, რომ კიევი ამერიკის საელჩოს თანამშრომლებმაც დატოვონ.

"ეს გადააადგილება არ ნიშნავს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმართ ჩვენი მხარდაჭერისადმი ერთგულების შეცვლას. მაგრამ ეს მოგვცემს მოკავშირეების დასარწმუნებლად და რუსეთის შესაჩერებლად მოქნილობას", - ნათქვამია კირბის წერილობით გავრცელებულ განცხადებაში.

სამხედრო ინსტრუქტორებს, მისი განმარტებით, ევროპის სხვა ქვეყანაში გადაიყვანენ, თუმცა ჯერჯერობით მედიისთვის ცნობილი არა არის სად. "როიტერის" ანონიმური წყაროს ცნობით, ასევე არ არის ცნობილი, თუ რა ბედი ეწია იმ მცირე სამხედრო სპეციალურ ოპერაციებს, რომლებიც ამ დროისთვის ქვეყანაში მიმდინარეობს.

მოსკოვი პროვოკაციებში უკრაინულ მხარეს და მის დასავლელ მოკავშირეებს ადანაშაულებს, უკრაინაზე თავდასხმის მიზნებსა და გეგმებს უარყოფს, თუმცა ნატოსგან ე.წ. "უსაფრთხოების გარანტიებს" ითხოვს. უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი სამხედროა მობილიზებული. არაერთი ქვეყანა დასავლეთში შიშობს, რომ უკრაინაზე თავდასხმა იგეგმება. მათი დიდი ნაწილი საკუთარ მოქალაქეებს ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს.

XS
SM
MD
LG