შეერთებული შტატების მთავრობამ უკრაინაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდა, რომ ქვეყანა მომდევნო 48 საათის განმავლობაში დატოვონ. პარასკევს, თეთრს სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა თქვა, რომ რუსეთს საკმარისი სამხედრო ძალა აქვს მობილიზებული იმისთვის, რომ უკრაინაში ნებისმიერ დროს შეიჭრას.
რუსეთის ჯარი უკრაინას სამი მხრიდან ჰყავს გარშემორტყმული. კრემლის სამხედრო გემების ერთი ნაწილი შავ ზღვაში კვირის დასაწყისში შევიდა. მომავალი კვირის განმავლობაში მათ კიდევ რამდენიმე გემი შეუერთდება. ამ ფონზე, რუსეთმა ანექსირებულ ყირიმში, ბელარუსში და ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო წვრთნები დაიწყო. გადამდგარი ამერიკელი გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაზე რაიმე სახით თავდასხმის ალბათობა თვის ბოლომდე 90 %-ია.
„არ მაქვს დეესკალაციის არანაირი განცდა“, უთხრა ჰოჯესმა „ამერიკის ხმას“. „მოსკოვიდან არანაირი სიგნალი არ მოდის, რომ სიტუაციის განმუხტვა სურთ, პირიქით. ვფიქრობ, 90 %-ია იმის ალბათობა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ რაიმე სახის ახალი თავდასხმა ამ თვის ბოლომდე განახორციელოს“.
შეერთებული შტატების არმიის ყოფილი მთავარსარდალი ევროპაში, გენერალი ჰოჯესი, ამბობს, რომ გამორიცხული არ არის, რომ თავდასხმა რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად დაიწყოს. ჯარის უკრაინის სამხრეთით, აღმოსავლეთით და ახლა უკვე ჩრდილოეთით მობილიზება, მისი აზრით სწორედ ამ მიზანს ემსახურება. „შემიძლია იმის წარმოდგენა, რომ ბელარუსიდან შეიძლება მცირე მასშტაბის თავდასხმა მოხდეს, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ამ ჯარის მიზანი ის არის, რომ უკრაინა კიდევ ერთ დამატებით საკითხზე დააფიქროს“.
ამ ფონზე, ჰოჯესი აცხადებს, რომ რუსეთთან დიპლომატია უნდა გაგრძელდეს დეესკალაციის მისაღწევად, მაგრამ ეს პრინციპული საკითხების ხარჯზე არ უნდა მოხდეს.
„დიპლომატებისთვის ძალიან გონივრულია მოლაპარაკებების ამ მიმართულებით წარმოება, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, თუ სამომავლო მიზნების ხარჯზე, ან ნატოს ძირითადი პრინციპების დათმობის ხარჯზე. ისტორიიდან კარგად ვიცით, რომ ამით შედეგს ვერ მივაღწევთ. დათმობებზე წასვლით, კრემლს მხოლოდ დამატებით მადას აღვუძრავთ. 2008 წელს რუსეთი საქართველოში შეიჭრა, 2014 წელს უკრაინაში. რუსეთი მხოლოდ აძლიერებს აგრესიას და უკან არ იხევს. ამიტომ ჩვენი მხრიდან მიამიტური იქნება იმის ფიქრი, რომ რუსეთთან დათმობაზე წასვლა ღირს. უნდა ვთქვა, რომ კონფლიქტის თავიდან აცილება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი არ უნდა იყოს“, უთხრა ჰოჯესმა „ამერიკის ხმას“.
საჯარო სადაზვერვო ინფორმაციის მიხედვით, ამ დროისთვის რუსეთს უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში 120 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და სამხედრო შეიარაღება აქვს მობილიზებული. წვრთნები მიმდინარეობს ბელარუსშიც. მოსკოვი კვლავ კატეგორიულად უარყოფს, რომ უკრაინაში შეჭრა იგეგმება. ვაშინგტონში კი აცხადებენ, რომ მოსკოვი უახლოესი დღეების ან კვირების განმავლობაში უკრაინაში შეიჭრება.
"ამერიკის ხმის" სრული ინტერვიუ გენერალ-ლეიტენანტ (თადარიგის) ბენ ჰოჯესთან ნახეთ შაბათს, "ტვ პირველზე", საღამოს 5:30-ზე ყოველკვირეულ გადაცემაში "ხედვა ვაშინგტონიდან".