დღეს იაპონიამ ქვეყნის თავდაცვის პოლიტიკის ყოველწლიური, შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა. ჩრდილოეთ კორეის მიერ ბოლო დროს საერთაშორისო თანამეგობრობასთან ჩართულობის მისაღწევად დიპლომატიური მცდელობების მიუხედავად, იაპონია ფხენიანს "სერიოზულ და გარდაუვალ" საფრთხედ მიიჩნევს.
იაპონიის თავდაცვის უწყების ცნობით, 2016 წლის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეამ 3 ბირთვული გამოცდა ჩაატარა და 40-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, მათ შორის, ზოგი - იაპონიისკენ. ტოკიო აცხადებს, რომ ამერიკისგან საჰაერო თავდაცვის სისტემებს შეიძენს, რათა ფხენიანის მოსალოდნელი სარაკეტო თავდასხმისთვის მზად იყოს.
ანგარიში ხაზს უსვამს ფხენიანის მიერ სამხრეთ კორეის და ამერიკის მიმართულებით გადადგმული დიპლომატიური ნაბიჯების მნიშვნელობას და მათ ისტორიულს უწოდებს. თუმცა, ასევე აცხადებს, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო პროგრამებით შექმნილი საფრთხის მიმართულებით, პროგრესი არ არის და ვითარება არ შეცვლილა.
თავდაცვის პოლიტიკის დოკუმენტში ასევე საუბარია ჩინეთის მზარდ საფრთხეზე. მათ შორის, ნახსენებია აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში ოფიციალური პეკინის მზარდ ტერიტორიულ პრეტენზიებზე.