იაპონიის ოფიციალური წყაროების ცნობით, სულ ცოტა, 155 ადამიანი დაიღუპა გასულ კვირას მომხდარი წყალდიდობის და მეწყრის გამო. ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთს დამტყდარ დამანგრეველ სტიქიურ უბედურებებს ძლიერი სიცხეებიც დაემატა, რაც მოშლილი ინფრასტრუქტურის ფონზე, მოსახლეობას ახალ რისკებს უქმნის.
ტემპერატურა ხშირად +35 გრადუსს აღწევს, მაშინ როცა ასობით ათას მოსახლეს არც წყალი მიეწოდება და არც ელექტროენერგია აქვს. სამაშველო სამუშაოებში იაპონიის თავდაცვის ძალების 70 ათასი ჯარისკაცი მონაწილეობს. ათეულობით დაკარგული ადამიანის ძებნა გრძელდება.
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ კრიზისის დაძლევამდე საგარეო ვიზიტები გააუქმა. ის კვირის განმავლობაში ბელგიაში, საფრანგეთში, საუდის არაბეთში და ეგვიპტეში უნდა ჩასულიყო.