6 იანვრის საქმეზე ბრალდებული ფედერალური გამომძიებლების მოკვლას გეგმავდა

2021 წლის 6 იანვარს, კაპიტოლიუმზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ ერთ-ერთ მამაკაცს, მეორე პირთან ერთად, გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) თანამშრომლების მკვლელობის დაგეგმვისთვის ბრალი წაუყენეს.

იუსტიციის დეპარტამენტმა განცხადება პარასკევს, 19 დეკემბერს გააკეთა. უწყების ინფორმაციით, 33 წლის ედვარდ კელი, 26 წლის ოსტინ კარტერთან ერთად, იმ გამომძიებლების მოკვლას გეგმავდა, ვინც მის საგამოძიებო საქმეზე მუშაობდა.

ასევე ნახეთ: უზენაესმა სასამართლომ ტრამპის საგადასახადო დეკლარაციებზე კონგრესს წვდომა მისცა

"ბრალდებები იმის შესახებ, რომ პირები ცდილობდნენ FBI-ის პერსონალზე თავდასხმას, ზიანის მიყენებას, ან მოკვლას, სამწუხაროა. FBI-ის თანამშრომლები პატიოსნად ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს, იცავენ ამერიკის საზოგადოებას და იცავენ კონსტიტუციას. მათ უნდა შეეძლოთ ამ მოვალეობების შესრულება ძალადობის მუქარის გარეშე", - ნათქვამია გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის, კრისტოფერ რეის წერილობით განცხადებაში.

ტენესის შტატში, ნოქსვილის საოლქო სასამართლომ, ორივე მამაკაცის დაკავების ორდერი პარასკევს, წინასასამართლო მოსმენაზე გასცა.