ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის პრემიერი ბალტიისპირეთში სამიტს დაესწრება


ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი რიში სუნაკი ლატვიის დედაქალაქ რიგაში, გაერთიანებული საექსპედიციო ძალების (JEF) სამიტზე, სკანდინავიელ, ბალტიისპირელ და ჰოლანდიელ კოლეგებს ხვდება. მოგვიანებით კი ის ესტონეთში, ბრიტანელ და ნატოს ჯარებთან შესახვედრად გაემგზავრება - აცხადებს ლონდონი.

სამიტს, რომელიც ბრიტანეთის ხელმძღვანელობით დანიის, ესტონეთის, ფინეთის და ისლანდიის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდების, ნორვეგიისა და შვედეთის ძალებს აერთიანებს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სიტყვით მიმართავს.

სამიტზე სუნაკი მოუწოდებს ლიდერებს, შეინარჩუნონ ან გაზარდონ უკრაინის დახმარება, ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში. ლონდონი აცხადებს, რომ გეგმავს მომავალ წელს უკრაინისთვის ასობით ათასი ტყვიის, საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდებას, 250 მილიონი ფუნტის (305 მილიონი დოლარი) ღირებულების დახმარების პაკეტში.

სამიტის შემდეგ, სუნაკი სავარაუდოდ შეხვდება ლატვიის პრემიერ-მინისტრს კრისიანის კარინსს, მანამდე კი გაემგზავრება ესტონეთში, რათა შეხვდეს გაერთიანებული სამეფოს და ნატოს ჯარებს, რომლებიც რუსეთის საზღვარზე ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე მსახურობენ.

სუნაკი ხელს მოაწერს ტექნოლოგიური პარტნიორობის შეთანხმებას ესტონეთის პრემიერ მინისტრ კაია კალასთან, რათა გააძლიეროს ტექნოლოგიური კავშირები და მხარი დაუჭიროს ახალ ციფრულ ინფრასტრუქტურას, ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG