შობის ღამეს კოსმოსში გაგზავნილი ჯეიმს ვების, უმძლავრესი ტელესკოპი, რამდენიმე ტექნიკური პრობლემის აღმოფხვრის შემდეგ, მწყობრშია.
ნასაში ამბობენ, რომ ტელესკოპის ექვსი ძრავი გადახურდა. მეცნიერებმა გადახურებული ძრავის გაგრილება მოახერხეს და მზის დამცვავი ფარის გაშლა, რაც მისიის ყველაზე სარისკო ნაწილია, ნორმალურად მიმდინარეობს.
„ახლა ყველაფერი მწყობრში და კარგადაა,"- ამბობს ტელესკომპის წამყვანი ინჟინერი ემი ლო.
ასევე ნახეთ: ისტორიული წელი და კოსმოსური მიღწევებიმერილენდში ფრენის კონტროლის ცენტრში განმარტავენ, რომ მათ შეძლეს და ახალი ტელესკოპის მზის პანელები დისტანციურად გადატვირთეს, რამაც შედეგი გამოიღო.
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მზის ფარი, რომელიც ჩოგბურთის კორტის ზომისაა, ახლა მთლიანად გაშლილია და ის „გაჭიმვის“ პროცესშია, პროცესი რამდენიმე დღეში უნდა დასრულდეს და მოოქროვილმა ფარმა მუშაობა უნდა დაიწყოს.
ეს პროცესი ტელესკოპის მუშაობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რადგან მზის დამცავმა ტელესკოპის ინფრაწითელი სენსორული ინსტრუმენტის ტემპერატურის შენარჩუნება უნდა უზრუნველყოს.
ტელესკოპი, რომელიც 10 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა, მსოფლიოში ყველაზე დიდი ასტრონომიული ობსერვატორიაა, რომელიც კოსმოსში გაგზავნილა. ნასა ჯეიმს ვების ტელესკოპით ცდილობს 1990 წელს გაშვებული ტელესკოპი ჩაანაცვლოს. ცვლილება მეცნიერებს საშუალებას მისცემს კოსმოსი უკეთ შეისწავლონ, რადგან ახალი ტელესკოპი წინაზე 100-ჯერ უფრო ძლიერია.
მერილენდის ფრენის კონტროლის ცენტრის განცხადებით ძველ ტელესკოპს არასდროს ჰქონდა პრობლემა ენერგიის ნაკადთან დაკავშირებით.
ჯეიმს ვების ტელესკოპი ამერიკის, ევროპის და კანადის კოსმოსური სააგენტოების ერთობლივი პროექტია. შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსის კვლევის ეროვნული ადმინისტრაციის მეცნიერების აზრით, ჯეიმს ვების ტელესკოპის მიერ გაკეთებული აღმოჩენები, შესაძლოა რევოლუციური აღმოჩნდეს კოსმოსის შესწავლის და სამყაროს საწყისების აღქმის საქმეში.