იტალიის პრემიერ-მინისტრი, მარიო დრაგი აცხადებს, რომ 10 ოქტომბერს, უკრაინაზე განხორციელებული რუსული სარაკეტო დარტყმები, მიუღებლად „სასტიკი თავდასხმებია“.
პრემიერ-მინისტრმა, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდომირ ზელენსკის, სატელეფონო საუბრისას უთხრა.
სატელეფონო საუბრისას, დრაგიმ „დაგმო ეს სასტიკი ავდასხმები, რაც კიდევ უფრო ამძიმებს რუსეთის პასუხისმგებლობას“, - ნათქვამია იტალიის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ასევე ნახეთ: რუსეთმა ლვივზე საჰაერო იერიში მიიტანა10 ოქტომბერს რუსეთმა უკრაინის 15-მდე სხვადასხვა დასახლება დაბომბა. თავდასხმის სამიზნე გახდა დედაქალაქი კიევიც, სადაც რუსულ რაკეტას სულ მცირე 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჯამში, რუსულ სარაკეტო თავდასხმებს, რასაც კიევი „ტერორისტულ აქტებს“ უწოდებს, 11 ოქტომბრის მონამცემებით, სულ მცირე 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაიჭრა ან დაშავდა 80-ზე მეტი ადამიანი.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ ეს თავდასხმები კიევის "ტერორისტული ქმედებების" საპასუხო ნაბიჯი იყო. "ტერორისტულ აქტად" რუსეთის პრეზიდენტს ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთთან დამაკავშირებელ ხიდზე მომხდარი აფეთქება მიაჩნია. პუტინმა "მკაცრი" და "პროპორციული" ნაბიჯების პირობა დადო, თუკი უკრაინა "რუსეთის უსაფრთხოებას ისევ დაემუქრება".
ასევე ნახეთ: ლავროვი ამბობს, რომ ამერიკა რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობსსაჰაერო იერიშები პირველი ასეთი ფართომასშტაბიანი თავდასხმა იყო ბოლო თვეების განმავლობაში, რაც რუსულმა ძალებმა განახორციელა. ბოლო ორი თვის განმავლობაში უკრაინა რუსულ ძალებს სამხრეთით და აღმოსავლეთით უტევს და წარმატებული კონტრშეტევის შედეგად, არაერთი ტერიტორია ოკუპაციისგან გათავისუფლდა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ, ათობით რაკეტა და ირანული წარმოების დრონები გამოიყენა. მისივე ინფორმაციით, უკრაინის მიმართულებით გასროლილი 84 რუსული რაკეტიდან, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 43 ჩამოაგდო.