მილანის სასამართლომ იტალიელ ჟურნალისტს 5,000 ევროს გადახდა დააკისრა, იტალიიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის სოციალურ ქსელში დაცინვის გამო. ინფორმაციას ამის შესახებ, იტალიური მედია ავრცელებს.
ჟურნალისტ ჯულია კორტესს, ასევე 1,200 ევროს გადახდა დააკისრეს სოციალურ ქსელ x-ზე 2021 წელს გამოქვეყნებული პოსტის გამო, სადაც ის მელონის სიმაღლეს დასცინოდა. სასამართლომ ეს "გარეგნობის დაცინვად" შეაფასა.
კორტესმა სააგენტო "როიტერს" სასამართლოს გადაწვეტილებასთან დაკავშირებით განუცხადა, რომ "იტალიის მთავრობას სერიოზული პრობლემები აქვს სიტყვის გამოხატვის თავისუფლებასთან და ჟურნალისტურ ღირსებასთან".
მელონიმ ჟურნალისტის წინააღმდეგ საქმე სამი წლის წინ წამოიწყო, როდესაც ქალებს სოციალურ ქსელში დაპირისპირება მოუვიდათ.
მაშინ, როდესაც მელონი და მისი ულტრამემარჯვენე პარტია "იტალიის ძმები" იმ დროს ოპოზიციაში იყო, კორტეზემ მელონის იმიტირებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის გარდაცვლილი ფაშისტი ლიდერის, ბენიტო მუსოლინის ფონზე იყო გამოსახული.
კორტესსა და მელონის შორის კომენტარების გაცვლა დაიწყო. ერთ-ერთ საპასუხო კომენტარში ჟურნალისტი წერდა: "შენი არ მეშინია, ჯორჯია მელონი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 1,2 მეტრის სიმაღლის ხარ. ვერც კი გხედავ".
კორტესს შეუძლია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს. მელონის ადვოკატმა მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ პრემიერ-მინისტრის მიღებულ თანხას ქველმოქედებაში დახარჯავს.
სოციალურ ქსელში კორტესმა დაწერა, რომ ახლა იტალიაში ჟურნალისტებისთვის რთული დრო დგას. "ვიმედოვნოთ, რომ წინ უკეთესი დღეები გველოდება. ჩვენ არ დავნებდებით",- წერს ჟურნალისტი.