ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალიის პრეზიდენტი: უკრაინის ომი რუსეთის დაჯილდოებით არ უნდა დასრულდეს


იტალიის პრეზიდენტი, სერჯიო მატარელა
იტალიის პრეზიდენტი, სერჯიო მატარელა

იტალიის პრეზიდენტმა სამშაბათს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში მისი აგრესიის დაჯილდოებით ვერ მოგვარდება და მშვიდობა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა აღდგება. იტალია ახლა "დიდ შვიდეულს" ხელმძღვანელობს.

„არც ერთ სახელმწიფოს, რაც უნდა ძლიერი იყოს ან რამდენადაც უნდა იყოს აღჭურვილი საშიში ბირთვული არსენალით, არ უნდა მიეცეს საშუალება იფიქროს [საერთაშორისო] პრინციპების დარღვევაზე - მათ შორის სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის დარღვევაზე- სანქციების გარეშე“, - თქვა მან.

მატარელამ აღნიშნა, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულებამ და საბჭოთა კავშირის დაშლამ ახალი იმედი მოუტანა ევროპას და რომ რუსეთმა “დააბრუნა ომი ევროპის კონტინენტის გულში”.

იტალიის პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში არ არის მხოლოდ რეგიონული კონფლიქტი, რადგან მოსკოვს გლობალური გავლენის მოპოვება სურს. მატარელა ამბობს, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანმა ომმა უკრაინაში, რომელიც ერთ დროს მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარი "პურის კალათა" იყო, საკვებისა და ენერგიის დეფიციტიც გამოიწვია, განსაკუთრებით კი აფრიკის კონტინენტის ზოგიერთ ნაწილში.

მან თქვა, რომ იტალია და მისი საერთაშორისო პარტნიორები მზად არიან მიაღწიონ კონფლიქტის მშვიდობიან და გრძელვადიან გადაწყვეტას.

„[გადაწყვეტა] და არა რაიმე გამოსავალი, რომ აღარაფერი ვთქვათ გამოსავალზე, რომელიც დააჯილდოებს აგრესორს და დაამცირებს თავდასხმის მსხვერპლს, რაც სახიფათო პრეცედენტს შექმნის ყველასთვის“, - თქვა მატარელამ.

“მშვიდობა რომ იყოს სამართლიანი და ხანგრძლივი, ის უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისო სამართლის კეთილშობილ და განუყოფელ პრინციპებს და გაეროს წესდებას“, - დასძინა მან.

XS
SM
MD
LG