იტალიის ვიცე-პრემიერი, მატეო სალვინი ორშაბათს გაემიჯნა დასავლეთის ლიდერების კრიტიკულ პასუხს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმირ პუტინის გამარჯვებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეების არჩევანი მიღებული უნდა იქნას.
გასული უქმეების არჩევნებზე პუტინმა კიდევ ექვსწლიანი ვადით მოიპოვა პრეზიდენტის მანდატი. შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ განაცხადეს, რომ არჩევნები არც თავისუფალი და არც სამართლიანი არ იყო.
მაგრამ სალვინი, რომელიც იტალიის ულტრამემარჯვენე პარტია “ლიგის” ლიდერია და პუტინის მტკიცე მოკავშირე იყო 2022 წლის თებერვლის უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, ამბობს, რომ შედეგი უნდა იქნას აღიარებული რადგან "როდესაც ხალხი ხმას აძლევს, ისინი ყოველთვის მართლები არიან".
„მათ [რუსებმა] ხმა მისცეს და ჩვენ ვაღიარებთ ამას, იმ იმედით, რომ 2024 წელი მშვიდობის წელი იქნება“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს მილანში კონფერენციაზე.
სალვინის შენიშვნები ხაზს უსვამს შიდა დაძაბულობას პრემიერ მინისტრ ჯორჯია მელონის კოალიციურ მთავრობაში. საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანმა, ცენტრისტული პარტიის “ფორცა იტალიას” ლიდერმა, კვირას განაცხადა, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები "არც თავისუფალი და არც სამართლიანი" იყო. ორშაბათს სალვინის შენიშვნების შესახებ კითხვაზე, ტაიანმა თქვა: „იტალიის საგარეო პოლიტიკის პოზიცია საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაა“.
თავად მელონის ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი რუსეთის არჩევნებზე, თუმცა ის აქამდე მტკიცე მხარდაჭერას გამოთქვამდე უკრაინის მიმართ რუსეთთან ომში.
გასულ თვეში სალვინიმ კრიტიკა გამოიწვია ალექსეი ნავალნის სიკვდილზე მისი განცხადების გამო. მიუხედავად იმისა, რომ დასავლური მთავრობების უმეტესობა მოსკოვს ადანაშაულებდა ნავალნის სიკვდილში - რასაც კრემლი უარყოფს - სალვინიმ, განაცხადა, რომ შეფასებები არ უნდა გაკეთდეს მანამ, სანამ "რუსი ექიმები და მოსამართლეები" არ დაადგენენ სიმართლეს.
"ლიგას" მხარდაჭერა, ევროპარლამენტის არჩევნებამდე 9%-ზე დაბლაა, რაც ჩამორჩება 30%-ს, რომლითაც ის სარგებლობდა ხუთი წლის წინ. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მხარდაჭერის აღდგენის მცდელობისას სალვინი უფრო რადიკალურ პოზიციებს იჭერს, თუმცა ამას მისთვის შედეგი ჯერ არ მოუტანია.