მიუხედავად რომის სკეპტიციზმისა, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ თქვა, რომ იტალიასთან თანამშრომლობა პეკინის „სარტყელი და გზის“ ინიციატივის ფარგლებში ნაყოფიერი იყო და მაღალი ხარისხის იტალიური პროდუქცია ჩინეთში „ათასობით ოჯახში“ შევიდა.
„ძველი აბრეშუმის გზიდან მემკვიდრეობით მიღებული ათასწლოვანი მეგობრობა გაგრძელდა“, - განუცხადა ვანგმა სტუმრად მყოფ იტალიის ვიცე-პრემიერ ანტონიო ტაიანს, ორშაბათს გამართულ შეხვედრაზე.
„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ჩინეთსა და იტალიას შორის ვაჭრობის მოცულობა 50 მილიარდი დოლარიდან, თითქმის 80 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ხოლო იტალიის ექსპორტმა ჩინეთში, დაახლოებით, 30 პროცენტით იმატა“ - თქვა ვანგმა, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ.
2019 წელს იტალია პირველი მსხვილი დასავლური ქვეყანა გახდა, რომელიც ჩინეთის სარტყელსა და გზის, გლობალურ სავაჭრო და ინფრასტრუქტურულ ინიციატივას შეუერთდა. ის ეყრდნობა ძველი აბრეშუმის გზის იდეას, რომელიც იმპერიულ ჩინეთსა და დასავლეთს ათასწლეულების წინ აკავშირებდა.
მაგრამ, იტალიამ, რომელიც ერთადერთია დიდ შვიდეულს შორის, რომელიც ინიციატივაშია ჩართული განაცხადა, რომ მის მონაწილეობას გადახედავს.
ტაიანმა შაბათს ჩინეთში გამგზავრებამდე თქვა, რომ ორმხრივი ვაჭრობა არ გაუმჯობესებულა.
„აბრეშუმის გზამ არ მოიტანა ის შედეგი, რასაც ველოდით“, - თქვა ტაიანმა. „ჩვენ უნდა შევაფასოთ, პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს განაახლებს თუ არა ჩვენს მონაწილეობას“, - დაამატა მან.
რომს დეკემბრამდე აქვს ვადა ოფიციალურად გამოვიდეს შეთანხმებიდან, რომელიც 2024 წლის მარტში იწურება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის კიდევ ხუთი წლით გაგრძელდება.
Facebook Forum