ისრაელის ფინანსთა მინისტრი ღაზელებს ნებაყოფლობითი ემიგრაციისკენ მოუწოდებს

ისრაელის ულტრა-მემარჯვენე ფინანსთა მინისტრმა სამშაბათს თქვა, რომ ღაზა, როგორც დამოუკიდებელი ერთეული, ვერ გადარჩება და პალესტინელებისთვის უკეთესი იქნება თუ სახვადასხვა ქვეყნებში წავლენ.

ფინანსთა მინისტრმა ბეზალელ სმოტრიჩმა, რომელიც ნეთანიაჰუს კოალიციაში ერთ-ერთ ნაციონალისტურ-რელიგიურ პარტიას ხელმძღვანელობს განაცხადა, რომ მხარი დაუჭირა ისრაელის პარლამენტის ორი წევრის მოწოდებას, რომლებმაც „უოლ სტრიტ ჯორნელში“ გამოაქვეყნეს. სარედაქციო წერილში ნათქვამია, რომ ღაზელი ოჯახები, რომლებმაც გადასახლების სურვილი გამოთქვეს, დასავლეთის ქვეყნებმა უნდა მიიღონ.

ასევე ნახეთ: ისრაელს ღაზის დაპყრობა არ აინტერესებს - ნეთანიაჰუ

მიმომხილველთა ნაწილისთვის, ეს კომენტარი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს შიშებს, რომელიც არაბული სამყაროს უმეტეს ნაწილში არსებობს იმის თაობაზე, რომ ისრაელს სურს პალესტინელები გააძევოს იმ მიწიდან, სადაც მათ მომავალი სახელმწიფოს შექმნა სურთ.

ისრაელის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ბუნებრივი რესურსების არმქონე ისეთი მცირე ტერიტორია, როგორიც ღაზის სექტორია, დამოუკიდებლად ვერ იარსებებს. მან იქვე დაამატა: „ისრაელის სახელმწიფო ღაზაში დამოუკიდებელი ერთეულის არსებობას ვეღარ შეურიგდება“.

„ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, ღაზაში დაწყებული სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, ისრაელის სამხედრო უწყებამ ჩრდილოეთ ღაზის მოსახლეობას უთხრა სახლები დატოვონ და სექტორის სამხრეთში გადაინაცვლონ, სადაც შედარებით უსაფრთხოდ იქნებიან და ვითარების სტაბილიზაციის შემდეგ, უკან დაბრუნებას შეძლებენ.