ისრაელის არმიამ 6 ნოემბერს დაადასტურა, რომ ლიბანში შიიტთა დაჯგუფება "ჰეზბოლას" სამიზნეებს შეუტია. ოფიციალური განცხადების მიხედვით, ეს არის პასუხი ისრაელის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქების მისამართით გასროლილი დიდი რაოდენობით რაკეტებზე.
მთავარმა სამხედრო პრესსპიკერმა, ადმირალმა დენიელ ჰაგარიმ ორშაბათს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ისრაელის ავიამოიერიშეები უტევდნენ სამიზნეების ფართო სპექტრს. მისი თქმით, ისრაელის არმია გასცემს "მნიშვნელოვან პასუხს" ყოველ შემთხვევას, როცა ისრაელს ცეცხლს გაუხსნიან.
7 ოქტომბერს, პალესტინელთა ისლამისტური დაჯგუფება "ჰამასის" ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, ისრაელმა "ჰამასს" ომი გამოუცხადა და ღაზის სექტორს შეუტია. ლიბანში გამაგრებული "ჰეზბოლა" თითქმის ყოველდღიურად უხსნის ცეცხლს ისრაელის ძალებს და ბომბავს ლიბანის მოსაზღვრე ისრაელის დასახლებებს.
როგორც "ჰეზბოლას", ისე "ჰამასს" ირანი უჭერს მხარს და აფინანსებს. შეერთებულ შტატებს და მის პარტნიორ ქვეყნებს ორივე დაჯგუფება ტერორისტულ ორგანიზაციებად ჰყავს გამოცხადებული.
Your browser doesn’t support HTML5