ლიბანში არსებული დაჯგუფება "ჰეზბოლას" ლიდერები, პალესტინელთა გასამხედრო დაჯგუფება "ჰამასისა" და "ისლამური ჯიჰადის" წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ, რათა განიხილონ, როგორ უნდა "მიაღწიონ რეალურ გამარჯვებას" ერთად. ინფორმაციას ამის შესახებ, "ჰეზბოლა" ავრცელებს.
7 ოქტომბერს "ჰამასის" ისრაელზე თავდასხმისა და ისრაელის მიერ "ჰამასის" წინააღმდეგ ომის გამოცხადების შემდეგ, ირანის მიერ მხარდაჭერილი, მძიმედ შეიარაღებული "ჰეზბოლა", ყოველდღიურად უხსნის ცეცხლს ისრაელის ძალებს ისრაელ-ლიბანის საზღვარზე. "ჰამასი" ამერიკას ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული.
"ჰეზბოლას" მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრაში მონაწილეობდნენ "ჰეზბოლას" წარმომადგენელი სეიედ ჰასან ნასრალა, "ჰამასის" ხელმძღვანელის მოადგილე სალეჰ ალ-არური და "ისლამური ჯიჰადის" ლიდერი ზიად ალ-ნახალა. თუმცა დაჯგუფებაში არ უთქვამთ, კონკრეტულად როდის შედგა შეხვედრა.
"შეფასდა საერთაშორისო პოზიციები და ის, თუ რა უნდა გააკეთონ წინააღმდეგობის ღერძის მხარეებმა ღაზასა და პალესტინის წინააღმდეგობის რეალური გამარჯვების მისაღწევად და სასტიკი აგრესიის შესაჩერებლად“, - ამბობენ "ჰეზბოლაში". მათივე თქმით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ "კოორდინაციის გაგრძელება" მნიშვნელოვანია.
"ჰეზბოლამ" ოთხშაბათს განაცხადა, რომ მისი კიდევ ორი მებრძოლი მოკლეს, რითიც დაღუპულთა რიცხვი, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე, 40 მებრძოლამდე გაიზარდა.