ისრაელი მზადყოფნას და სურვილს გამოთქვამს, ჰეზბოლასთან კონფლიქტი დიპლომატიური გზებით გადაწყდეს. განცხადება ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ცაჩი ჰანეგბმა გააკეთა.
ჰანეგბის თქმით, ისრაელი ამერიკის შეერთებულ შტატებთან განიხილავს, რომ ღაზაში ისრაელის ინტენსიური სამხედრო ოპერაციის მოსალოდნელმა დასრულებამ შესაძლოა საშუალება მისცეს "შეთანხმების" მიღწევას ჰეზბოლასთან.
„ჩვენ და ამერიკელებს გვჯერა [რომ შეთანხმება შესაძლებელია] და მომდევნო კვირებში შევეცდებით შეთანხმების მიღწევას. თუ შეთანხმება დიპლომატიური გზებით არ მოხდება, ყველას ესმის, რომ სხვა საშუალებით უნდა მოხდეს. ჯერ-ჯერობით ჩვენ გვირჩევნია ყურადღება დიპლომატიურ პროცესზე გავამახვილოთ“, - ამბობს ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი.
ასევე ნახეთ: ისრაელის ტანკები რაფაში წინ მიიწევენ, ღაზაში მოკლულია პალესტინელთა ჯანდაცვის მაღალჩინოსანიისრაელსა და ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰეზბოლას შორის დაპირისპირება, ბოლოს 2023 წლის 7 ოქტომბერს განახლდა, მას შემდეგ რაც ისრაელმა „ჰამასის“ განადგურების და მძევლების გათავისუფლების მოტივით, ღაზის სექტორში ომი დაიწყო, რომელიც ამ დრომდე გრძელდება.
ომის მიმდინარეობისას რთულია ვითარება ისრაელ ლიბანის საზღვართან, სადაც სწორედ ჰეზბოლას მებრძოლები იმყოფებიან. მათ ომის მიმდინარეობის ფონზე, ისრაელზე არაერთხელ მიიტანეს იერიში, საპასუხო ცეცხლი გახსნა ისრაელმაც.
ხშირი შეტაკებების ფონზე, ისრაელისა და ლიბანის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა და არსებობს საფრთხე, რომ შეტაკებები ომში გადაიზრდება.
ასევე ნახეთ: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებსისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი დასძენს, რომ ამერიკის, ევროპის და ზოგიერთი არაბული ქვეყნის მონაწილეობით გრძელდება მოლაპარაკებები ღაზის სექტორში ომის დასრულებასთან დაკავშირებით.
ისრაელი ღაზის სექტორში "ჰამასთან" ომს, 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ აწარმოებს, როცა ისრაელზე "ჰამასის" მოულოდნელი თავდასხმისას 1 200 ისრაელელი მოკლეს, 253 კი გაიტაცეს და ღაზის სექტორში მძევლად წაიყვანეს. მათგან ნაწილი პალესტინელ პატიმრებში გაცვალეს, ზოგი დაიღუპა, ათეულობით მძევალი კვლავ "ჰამასის" ტყვეობაში რჩება. 7 ოქტომბრის თავდასხმას ისრაელზე მალევე მიენიჭა ტერორისტული აქტის სტატუსი.
"ჰამასის" მიერ კონტროლირებული პალესტინელთა ჯანდაცვის უწყების თანახმად, ამ ხნის განმავლობაში, ისრაელის იერიშებს ღაზაში 35 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.