ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბორელი საქართველოზე: გადავხედავთ მთავრობისთვის ფინანსური დახმარების გაწევას


ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, დღეს, 24 ივნისს, საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, სხვა თემებთან ერთად, საქართველოს საკითხიც განიხილეს. ჯოზეფ ბორელმა შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ საქართველოს მთავრობა „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებით, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილს წინააღმდეგ მიდის, ის ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს და რომ ამის გამო, ევროკავშირი გარკვეულ ზომებს განიხილავს.

„გავზრდით სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერას, დავუპირისპირდებით დეზინფორმაციას და გავზრდით საარჩევნო პროცესის მხარდაჭერას, ასევე გავაგრძელებთ სიტუაციის მონიტორინგს და შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ. აუცილებლობის შემთხვევაში, შევამცირებთ პოლიტიკურ კონტექსტს და საქართველოს [მთავრობასთან] კავშირს, გადავხედავთ მთავრობისთვის ფინანსური დახმარების გაწევას. ამის გაკეთება დაუყოვნებლივაც შეიძლება, თუმცა განვაგრძობთ სიტუაციაზე დაკვირვებას და მეტ ნაბიჯს გადავდგამთ სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში“, - განაცხადა ბორელმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას.

ბორელმა განმარტა, რომ ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა არ სჭირდება, მაგალითად, პოლიტიკური შეფასებების გაკეთებას ან საბჭოს წევრების მხრიდან, საქართველოს მთავრობასთან კავშირების შემცირებას. 27 წევრის სრულ მხარდაჭერას არ მოითხოვს არც ფინანსური დახმარების შემცირება. როგორც ჯოზეფ ბორელმა დღეს პრესკონფერენციაზე განმარტა, „როგორც კი საბჭოს 2/3 ამას მხარს დაუჭერს, კომისიას მისი აღსრულება შეეძლება“.

ბორელის თქმით, ძალიან წუხს იმ დეზინფორმაციის კამპანიის გამო, რასაც საქართველოს ხელისუფლების წევრები აწარმოებენ: „სამწუხაროდ, [საქართველოს] ოფიციალური პირების მხრიდან, ვრცელდება დეზინფორმაცია ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ. ჩვენ მოვისმინეთ უმაღლესი დონის ქართული ხმები, რომლებიც, გასაკვირად ამბობენ, რომ ეს [უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ] კანონი აახლოებს ქვეყანას ევროკავშირთან. ძალიან ნათლად მინდა ვთქვა - არა! არა, ეს კანონი და მის გარშემო არსებული ნეგატიური ქმედებები საქართველოს ევროკავშირისგან აშორებენ. უფრო ნათელი და მკაფიო ვერ ვიქნები“.

ბორელმა რამდენჯერმე გაუსვა ხაზი იმას, რომ საქართველო შორდება ევროკავშირს და მან ისიც აღნიშნა, რომ „ამ განცხადებას 27 წევრიდან, 26 მხარს უჭერს. სრული თანხმობა ამ შემთხვევაში არაა, მაგრამ სრული თანხმობა არ გვჭირდება პოლიტიკური შეფასებების გასაკეთებლად“. უმაღლეს წარმომადგენელს არ დაუკონკრეტებია რომელი ქვეყანა არ უჭერს ამ წინადადებას მხარს, თუმცა ტქვა, რომ ამის წარმოსადგენად, წარმოსახვის განსაკუთრებული უნარი საჭირო არ არის.

საქართველოს მთავრობის კრიტიკის პარალელურად, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ ევროკავშირში ძალიან კარგად ესმით, რომ ქვეყნის მთავრობა მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ნების წინააღმდეგ მიდის და რომ ამას ქვეყნისთვის მძიმე შედეგები ექნება.

„გვესმის, რომ ეს დინამიკა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ნების საწინააღმდეგოა და დღეს, მინისტრების უდიდესი ნაწილი დაეთანხმა იმას, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროკავშირს აშორებს. თუ [საქართველოს] მთავრობა თავისი ქმედებების კურსს არ შეცვლის, მაშინ საქართველო ევროკავშირისკენ სავალ გზაზე, წინ ვერ წავა. ამის თქმა უფრო ხმამაღლაც შემიძლია, მაგრამ ესაა ყველაზე მკაფიოდ ნათქვამი’’,- განმარტა ბორელმა.

საქართველოზე საუბრისას ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ ევროკავშირი „ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და მხარს ვუჭერთ მათ არჩევანს საქართველოში დემოკრატიისა და საქართველოს მომავლის ევროკავშირში ხედვასთან დააკვშირებით“.

XS
SM
MD
LG