ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა დახმარება მიიღო საქართველომ ევროკავშირისგან 2019-24 წლებში


საქართველომ 2019-2024 წლებში, მხოლოდ ევროკავშირისგან, 600 მილიონ ევრომდე ღირებულების დახმარება მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატი ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დახმარების უდიდესი წილი სახელმწიფო უწყებებზე მოდის.

გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საქართველოს მთავრობამ ამ წლებში 517.82 მილიონი ევრო მიიღო, კერძო სექტორმა 6.1 მილიონი ევრო, ხოლო სამოქალაქო საზოგადოებამ 46.1 მილიონი ევრო. აქვე აღნიშნულია, რომ ეს მონაცემები შეიცავს კოვიდ-19-თან საბრძოლველად საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარებას 75 მილიონ ევროს, რომელიც ქვეყანამ სესხის სახით მიიღო.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2019-2024 წლებში ევროკავშირის დახმარების 10 მთავარი ბენეფიციარი ასე გამოიყურება:

  • 111,55 მილიონი ევრო - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
  • 101,40 მილიონი ევრო - ფინანსთა სამინისტრო
  • 62,75 მილიონი ევრო - თავდაცვის სამინისტრო
  • 57 მილიონი ევრო - გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სააგენტოები
  • 30,5 მილიონი ევრო - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
  • 25.07 მილიონი ევრო - ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სააგენტოები
  • 19 მილიონი ევრო - მიგრაციის საკითხთა სახელმწიფო კომისია
  • 12.85 მილიონი ევრო - ახალგაზრდობის სამინისტრო
  • 10,5 მილიონი ევრო - შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • 7,4 მილიონი ევრო - მთავრობის ადმინისტრაცია

გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფაქტები და დეზინფორმაციასთან ბრძოლა მნიშვნელოვანია და აღნიშნულია, რომ ამ მონაცემების განხილვა ე.წ. აგენტების შესახებ კანონის კონტექსტში ასევე მნიშვნელოვანია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG