„საქართველოში დემოკრატიის უკუსვლას ნამდვილად აქვს გავლენა ევროკავშირისა და შეერთებული შტატების უნარზე, გააძლიეროს ურთიერთობები სომხეთთან“, - აცხადებს „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას „ბრუკინგსის ინსტიტუტის“ მკვლევარი, ჯონათან კაცი.
„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩვენ ვხედავთ სომხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის, ზოგადად, სომხეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების ზრდას. მას შემდეგ, რაც ვიხილეთ სომხეთის მხრიდან დემოკრატიის გაძლიერება, კორუფციასთან ბრძოლა და რუსეთთან გაყრა ცხადად ჩანს, რომ ერევანი დაინტერესებულია დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავებით. ასევე ვხედავთ შეერთებული შტატების შემხვედრ სურვილს, გააძლიეროს სომხეთთან კავშირები. მაგრამ, ზოგად კონტექსტში, არსებობს გამოწვევები და ამ გამოწვევებს, მეტწილად, გეოგრაფია ქმნის. გამოწვევებს ქმნის ის, რაც სომხეთის ირგვლივ, რეგიონში ხდება, მათ შორის საქართველოში დემოკრატიის ვარდნა. ამას ნამდვილად აქვს გავლენა დასავლეთის, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების უნარზე, გააძლიეროს ურთიერთობები სომხეთთან. სომხეთს ამისთვის ასევე სჭირდება დემოკრატიული საქართველო, რათა შეძლოს დასავლეთთან ურთიერთობების რეალური შესაძლებლობების განხორციელება“ - ამბობს კაცი.
სომხეთის ეკონომიკური და ენერგეტიკული მდგრადობის მხარდაჭერა; უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობის გაძლიერება - ორმხრივი სარგებლისთვის; მართლმსაჯულების, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და საერთო დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობა, - ეს საკითხები, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ო’ბრაიენმა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა გასულ კვირაში, ერევანში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯეიმს ო'ბრაიენი ერევანს აშშ-სომხეთის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში ეწვია.
“ერევანში ჩვენი სტრატეგიული დიალოგისთვის ვარ. ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ ამას სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ვაყენებთ და ეს ნიშნავს სომხეთთან მუშაობას მისი დემოკრატიის, უსაფრთხოების გასაძლიერებლად, როგორიცაა პოლიცია და სასაზღვრო პოლიცია. ასევე მუშაობას ეკონომიკური დივერსიფიკაციისთვის, რადგან სომხეთს უნდა შეეძლოს გლობალურად ივაჭროს და არ იყოს რუსეთზე ისე დამოკიდებული, როგორც აქამდე“, - განაცხადა ერევანში ოფიციალური ვიზიტით ყოფნისას ჯეიმს ო’ბრაიენმა, რადიო თავისუფლების სომხურენოვან სამსახურთან ინტერვიუში.
დღეიდან, 17 ივნისიდან, ერევანს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით, მართვისა და რესურსების საკითხში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, რიჩარდ ვერმა სტუმრობს. ამერიკელი მაღალი რანგის ოფიციალური პირი, დემოკრატიის შესახებ, აშშ-სომხეთის ადგილობრივი თვითმმართველობის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია პირისპირ შეხვედრები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან. „ეს ვიზიტი ასახავს ჩვენს განზრახვას კიდევ უფრო გავაძლიეროთ ორმხრივი კავშირები სომეხ ხალხთან“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მდივნის მოადგილე ვერმა უხელმძღვანელებს სახელმწიფო და ადგილობრივი ოფიციალური პირების დელეგაციას, რომლებიც წარმოადგენენ კალიფორნიას, კანზასს, მიჩიგანს, მონტანას და პენსილვანიას. მას თან ახლავს სპეციალური წარმომადგენელი საქალაქო და სახელმწიფო დიპლომატიის საკითხებში ნინა ჰაჩიგიანი, რომელიც ხელმძღვანელობს ახალ სუბნაციონალურ დიპლომატიის გუნდს სახელმწიფო დეპარტამენტში და სპეციალური წარმომადგენელი კომერციულ და ბიზნეს საკითხებში, სარა მორგენტაუ. დელეგაციის წარმომადგენლები, შეხვედრებს გამართავენ საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებთან.