სომხეთს აღარ შეუძლია დაეყრდნოს რუსეთს, როგორც მის მთავარ თავდაცვით და სამხედრო პარტნიორს, რადგან მოსკოვმა არაერთხელ გაუცრუა მას იმედები, ამიტომ ერევანმა უნდა იფიქროს უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებაზე შეერთებულ შტატებთან, საფრანგეთთან, ინდოეთთან და საქართველოსთან. ეს განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 2 თებერვალს გააკეთა.
სომხეთი, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანს, ირანს და თურქეთს ესაზღვრება, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის მოკავშირეა. გიუმრიში, ქალაქში, რომელიც ერევნის ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით, 100 კილომეტრში მდებარეობს, რუსული სამხედრო ბაზა და სხვა ობიექტებია განლაგებული.
ყოფილმა ჟურნალისტმა ფაშინიანმა, რომელიც ხელისუფლებაში 2018 წელს მოვიდა საპროტესტო დემონსტრაციების შემდეგ, კრემლის აღშფოთება გამოიწვია ორ ქვეყანას შორის კავშირის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების გამო.
„ჩვენ უნდა გავიგოთ, ვისთან შეგვიძლია რეალურად შევინარჩუნოთ სამხედრო-ტექნიკური და თავდაცვითი ურთიერთობები“, - განუცხადა ფაშინიანმა სომხეთის საზოგადოებრივ რადიოს, კითხვაზე, სომხეთის შეიარაღებული ძალების რეფორმის შესახებ.
„ადრე ეს პრობლემა მარტივი იყო, რადგან არ არსებობდა ასეთი კითხვა და კონცეფციის შედგენა რთული არ იყო. ადრე ჩვენ თავდაცვითი ურთიერთობების 95-97% რუსეთის ფედერაციასთან გვქონდა. ახლა ეს არ შეიძლება გაგრძელდეს როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური მიზეზების გამო“, თქვა მან.
ფაშინიანმა ეჭვქვეშ დააყენა ისიც, უნდა დარჩეს თუ არა სომხეთი რუსეთის მიერ შექმნილი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრად და თქვა, რომ სომხეთს სჭირდება ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია და საკუთარი შეიარაღებული ძალების გაძლიერება.