ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ გასულ თვეში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც გადამწყვეტი შედეგით არ დასრულდა, ახალი მთავრობის შექმნა ვერ შეძლო. მან ცენტრისტ მეტოქე ბენი განცს დაუთმო გზა, რათა მან კანონმდებელთა უმრავლესობის კოალიციის შექმნა სცადოს და ქვეყანას ახალ ლიდერად მოევლინოს.
ნეთანიაჰუ, რომელიც ებრაული სახელმწიფოს პრემიერის თანამდებობაზე ყველაზე ხანგრძლივი დროით მსახურობდა, ამ თანამდებობის დაკავებას მეხუთედ ცდილობდა. მაგრამ კონსერვატიული „ლიკუდის“ პარტიის ლიდერმა ნეთანიაჰუმ ისრაელის პრეზიდენტ რივლინს უთხრა, რომ განცის ცენტრისტ პარტიასთან ერთობლივ მთავრობაში შესვლით, კნესეტში 61 ადგილიანი უმრავლესობის ჩამოყალიბება ვერ შეძლო.
რივლინმა განაცხადა, რომ ახლა განცს, ისრაელის თავდაცვის ყოფილ მეთაურს მისცემს 28 დღეს, რათა მან მთავრობის ჩამოყალიბება სცადოს, თუმცა მის წინაშეც დიდი სიძნელეებია. კანონის მიხედვით, თუ განცი მთავრობას 28 დღეში ვერ ჩამოაყალიბებს, ამის მერე პარლამენტის ნებისმიერ წევრს შეუძლია მთავრობის ჩამოყალიბება შემდეგი 21 დღის განმავლობაში სცადოს.
თუ ყველა მცდელობა ამაო აღმოჩნდება, ისრაელი იძულებული იქნება, აპრილის შემდეგ მესამე საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს.