ნეთანიაჰუ: ისრაელმა ჰამასის დანაყოფების ორი მესამედი გაანადგურა

ღაზაში ისრაელის საპასუხო ომი „ჰამასის“ წინააღმდეგ „სრულ გამარჯვებამდე“ გაგრძელდება. განცხადებას ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აკეთებს. მისი თქმით, ამ დროისთვის ისრაელმა „ჰამასის“ დანაყოფების ორი მესამედი უკვე გაანადგურა. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ ომი „ჰამასის“ წინააღმდეგ ორ ეტაპად მიმდინარეობს.

„ბრძოლას ორი ეტაპი აქვს. პირველი არის ჰამასის დანაყოფების განადგურება. აქამდე ოცდაოთხიდან თექვსმეტი, ან ჩვიდმეტი განადგურდა. შემდეგი არის ტერიტორიის მებრძოლებისგან გაწმენდის ეტაპი. პირველი მოქმედება ჩვეულებრივ უფრო ხანმოკლეა, მეორე უფრო მეტი დრო სჭირდება,“- ამბობს ისრაელის პრემიერ-მინისტრი.

ბენიამინ ნეთანიაჰუს ეს განცხადება აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ თვეების განმავლობაში გაგრძელდეს, ეს მაშინ როცა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, კვირის დასაწყისში თქვა, რომ აქტიური ბრძოლები ღაზის სექტორში, მალე დასრულდებოდა.

ასევე ნახეთ: ისრაელის თქმით "ჰამასთან" ომის ინტენსიური ეტაპი მალე დასრულდება

„გამარჯვებას კიდევ ბევრი თვე დასჭირდება, მაგრამ ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ მივაღწიოთ მას,“- ამბობს პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ და განმარტავს, რომ გატაცებული მძევლების გათავისუფლება და „ჰამასის“ სრული განადგურება, ისრალის მთავარ მიზნებად რჩება.

„ჰამასის“ წინააღმდეგ ომი, ისრაელმა 7 ოქტომბრის თავდასხმის საპასუხოდ დაიწყო. თავდასხმისას „ჰამასის“ მებრძოლებმა ისრაელში 1200-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, 240 კი მძევლად აიყვანეს. ნოემბერში მოლაპარაკებების შედეგად მძევლების ნაწილი, დაახლოებით 100 ადამიანი, გათავისუფლდა. სანაცვლოდ ისრაელმა 240 პალესტინელი გაათავისუფლა ციხეებიდან.

"ჰამასი" შეერთებულ შტატებს და დასავლეთის ბევრ ქვეყანას ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავთ გამოცხადებული.