დღეს, ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან ორმხრივი მოლაპარაკება არ გაიმართება. პარლამენტში გაკეთებულ მიმართვაში, მან წინაპირობად ამერიკის მიერ დაწესებული ყველა სანქციის მოხსნა დაასახელა. ამას გარდა, როჰანი ამბობს, რომ მოლაპარაკებაში 2015 წლის საერთაშორისო შეთანხმების მონაწილეებიც უნდა ჩაერთონ.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინიციატივით, შეთანხმება ამერიკამ გასულ წელს დატოვა. თუმცა, დანარჩენი სახელმწიფოები ამ ნაბიჯის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ამერიკის და ირანის გარდა, შეთანხმებას ხელს აწერენ: ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია და რუსეთი.
პარალელურად, თეირანი კოსმოსური პროგრამების განვითარებას ცდილობს, თუმცა ჯერჯერობით - წარუმატებლად. ირანის ხელისუფლებამ ორშაბათს აღიარა, რომ აგვისტოს ბოლოს, იმამ ჰომეინის კოსმოსურ ცენტრში, აფეთქება მოხდა. საქმე იმაშია, რომ გასულ კვირაში, ამ აფეთქების შესახებ საერთაშორისო მედიაში სატელიტით გადაღებული ფოტოები გავრცელდა.
ორშაბათს, მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალი რაბეიმ თქვა, რომ ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. 28 აგვისტოს კოსმოსურ ცენტრში მომხდარი აფეთქების მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა სახელდება. ეს ირანული წარმოების კოსმოსური რაკეტის სულ ცოტა, მესამე წარუმატებელი სტარტია.