ხელმოწერიდან 100 დღის შემდეგ "ქართულმა ოცნებამ", ეგრეთწოდებული, შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. ამ ნაბიჯს დასავლეთში მკაცრი რეაგირება მოჰყვა. "დემოკრატიების დაცვის ალიანსის" დირექტორი ლორა თორნტონი "ამერიკის ხმას" ეუბნება, რომ მიმდინარე მოვლენები საქართველოს საერთაშორისო იმიჯს მნიშვნელოვნად აზიანებს. ამის გამო, შესაძლოა დადგეს დრო, როცა პარტნიორები საქართველოსთვის მიწოდებული დახმარების გადახედვაზე დაფიქრდებიან. მისივე თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისების შედეგად ყველაზე მეტად საქართველოს მოქალაქეები ზარალდებიან. ლორა თორნტონს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.
- ქართული ოცნება 19 აპრილის შეთანხმებას ცალმხრივად გამოეთიშა და ის ანულირებულად გამოაცხადა. როგორ აფასებთ ამ ნაბიჯს?
Your browser doesn’t support HTML5
ვფიქრობ, მეც იმას გავიმეორებ, რაც სხვებმაც თქვეს. ეს ძალიან იმედგამაცრუებელი ნაბიჯია. როგორც იცით, ამ შეთანხმებისთვის ბევრი დიდი ბრძოლა გადაიტანეს და მას თვეები დასჭირდა. ახლა კი შეთანხმებიდან გასვლა ძალიან ცუდ სიგნალს გზავნის საქართველოს დემოკრატიის მომავლის შესახებ. ეს ბოლო წლების განმავლობაში კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმებას ყველა პარტიამ არ მოაწერა ხელი - რაც მნიშვნელოვანია, რომ ითქვას - მმართველ პარტიას ვალდებულება აქვს ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გატარება უზრუნველყოს. ეს ნამდვილად უკან გადადგმული ნაბიჯია და ვფიქრობ, ევროპიდან და ამერიკიდან გაკეთებული განცხადებები საქართველოსთვის გამაფრთხილებელი სიგნალები უნდა იყოს.
- თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს ამ გამაფრთხილებელი სიგნალების შედეგი? წარსულში ბევრი სხვა განცხადება გვინახავს, განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში. თქვენი აზრით, შეშფოთების ეს განცხადებები რამით განსხვავდება წინა სიგნალებისგან? რა შეიძლება მოხდეს ამის შემდეგ?
ასევე ნახეთ: სენატის ორპარტიული ჯგუფის განცხადება საქართველოს შესახებ- ეს კარგი შეკითხვაა. თქვენ მართალი ხართ იმაში, რომ ბევრ ქვეყანაში სწორედ ამას ვხედავთ. შეშფოთების განცხადებები ერთი მეორის მიყოლებით. ზოგჯერ ვშიშობ, რომ გავყვირით: “მგელი-მგელი”! და შეიძლება ეს ქმნის განცდას, რომ ესეც ჩაივლის, ამასაც გადავატარებთ, გაკეთდება შეშფოთების განცხადებები, საელჩოები გააგზავნიან ცნობებს და მერე გავაგრძელებთ საქმიანობას. ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. არ ვიცი, როდის მივალთ იმ წერტილამდე, როცა რაღაცა გატყდება; როდის აისახება ეს უარყოფითად საერთაშორისო დახმარებაზე, ორმხრივ ურთიერთობებზე. ვიცი ის, რომ ნამდვილად ვცდით ადამიანების მოთმინებას. „ქართული ოცნება“ რომ ვიყო, ამას მსუბუქად არ მივიღებდი. შეიძლება წარსულში არაერთი შტორმი გადაუტანიათ, მაგრამ დადგება დრო, როცა [მეგობრები] იტყვიან, რომ ეს უკვე საკმარისია.
- თქვენი აზრით, რა შეხედულებები არსებობს ვაშინგტონში საქართველოზე ამ ეტაპზე?
ასევე ნახეთ: სენატორი რიში: როგორც ჩანს, პარტიას მხოლოდ საკუთარი მომავალი ადარდებს- ამ ეტაპზე, როგორც უკვე ვთქვი, ვფიქრობ, მოთმინება ილევა. ვაშინგტონში საქართველოს ყველა უპირატესობა აქვს მიცემული. ეს ყველა მხარისთვის კარგია. ჩვენ გვსურს საქართველო წარმატებული იყოს. ის რეგიონში გამორჩეული ქვეყანაა. ამიტომ ჩვენ საქართველოში დიდი ინვესტიცია ჩავდეთ - დემოკრატიისა და განვითარების თვალსაზრისით. ბოლო წლებში მრჩება განცდა, რომ მოთმინება ილევა.
გუშინ რამდენიმე ორგანიზაციასთან შეხვედრას დავესწარი, სადაც კითხვები არის იმაზე, თუ რას ვაკეთებთ, რამდენად ეფექტურია ფულის საქართველოში დახარჯვა, უკეთესი ხომ არ იქნება თანხები სადმე სხვაგან დავხარჯოთ. ეს საქართველოსთვის ძალიან სევდისმომგვრელი ნიშანია. მე ჯერ ისევ მჯერა საქართველოსი და ვფიქრობ, რომ ქვეყანა უბრალოდ რთულ პერიოდს გადის. საქართველომ ერთ წარმოუდგენელ რამეს მიაღწია - ამერიკაში რესპუბლიკელები და დემოკრატები გააერთიანა. ეს ნამდვილად წარმოუდგენელია და ამასთან, იმაზე მიანიშნებს, თუ რამდენად თანმიმდევრულად ადევნებს თვალს კონგრესი ბოლო მოვლენებს.
- რის გაკეთება შეიძლება ამ ეტაპზე? როგორ შეიძლება შეიცვალოს ის მოუთმენლობა თუ იმედგაცრუება, რომელიც აქამდე დაგროვდა?
- ყველაზე სევდიანი ეს ქართველი ხალხისთვისაა. მათ ამ პოლიტიკურ ბრძოლაში ცხოვრება უწევთ უკვე ძალიან დიდი ხანია. წლების განმავლობაში უკვე არაერთი კვლევით დავინახეთ, რომ ისინი სულ უფრო და უფრო ნაკლები ენთუზიაზმით არიან განწყობილნი, სულ უფრო მეტად უკმაყოფილონი არიან პოლიტიკური პარტიებით და ამის შედეგად კი უკვე წარმომადგენლობითი დემოკრატიითაც. ეს საქართველოს ძალიან მოწყვლად პოზიციაში აგდებს, რადგან თუკი ადამიანები იგრძნობენ, რომ მათ არ შეუძლიათ ლეგიტიმური დემოკრატიული პროცესებით გააუმჯობესონ მმართველობა, მაშინ ისინი გამოიყენებენ ისეთ გზებს, რაც უდიდეს უპირატესობას მისცემს კრემლს და გარე ჩარევას.
Your browser doesn’t support HTML5
რა შეიძლება გაკეთდეს? ვიმედოვნებ, რომ ისინი სამუშაო მაგიდას დაუბრუნდებიან. მესმის ამ პროცესისადმი უიმედობა და არც მე ვარ სავსებით ოპტიმისტურად განწყობილი, მაგრამ ვფიქრობ, მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნების ცდა ნამდვილად ღირს.
ასევე ვფიქრობ, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ მომავალი არჩევნები იმისთვის უნდა გამოიყენოს, რომ ისინი ამ ჩიხს გასცდნენ და სცადონ კომუნიკაცია მოქალაქეებთან, რაც იქნება მათი „პოზიტიური დღის წესრიგი“.
ადგილობრივი არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოქალაქეებს აქ ყველაზე მეტი შეხება აქვთ თავიანთ ხელისუფლებასთან. ესაა ის, რაშიც უშუალოდ არიან ჩართულნი. იქნება ეს ქუჩების დასუფთავება, საბავშვო ბაღები თუ სხვა თემები. ეს საკითხები მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს, რომ ქართველი პოლიტიკოსები ისაუბრებენ იმაზე, თუ რას შეუქმნიან მოქალაქეებს ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე და გასცდებიან ეროვნულ დონეზე არსებულ ამ პოლიტიკურ ჩიხს.
- რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს წარმატება დასავლეთისთვის?
ასევე ნახეთ: ვფიქრობთ, რომ შეიძლება საქართველო აღარაა ერთგული დემოკრატიული და ევროპული გზისა - უილიამ კორტნი- დასავლეთს საქართველო ნამდვილად აღელვებდა და ძალიან ბევრი ინვესტიციაა განხორციელებული. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონი და ქვეყანა, რომელსაც დემოკრატიული მისწრაფებები აქვს, ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეგიონში. ის ბევრს ნიშნავდა დასავლეთისთვის. თუმცა საკითხავია, რა ფასად? ჩვენ ძალიან ბევრი მწვავე და რთული საკითხი გვაქვს, რომელთაც უნდა გავუმკლავდეთ. მათ შორისაა პანდემია, ინფრასტრუქტურა, სხვა საფრთხეებიც. ასე რომ, ამ კონტექსტში არ მგონია საქართველოზე ფოკუსი და ყურადღება გაგრძელდეს იმ მასშტაბით, რაც წარსულში იყო. განსაკუთრებით კი, თუ თავად ქართველები არ დგამენ ნაბიჯს იმისთვის, რომ სცადონ, რომ ეს გამოვიდეს.
არსებობს ეს ზედმეტი დამოკიდებულება გარე ძალებზე შიდა პრობლემების მოსაგვარებლად. ეს მესმის, მაგრამ ვფიქრობ, არსებობს ერთგვარი გადაღლაც და განწყობაც, რომ „ეს თქვენ უნდა მოაგვაროთ“ . ეს მესმის დიპლომატებისგან და სხვებისგანაც თბილისში. „ჩვენ თქვენთან ვართ, თქვენს მხარდასაჭერად, დემოკრატიის გასაძლიერებლად და ტექნიკური მხარდაჭერისთვის“, დიახ, მაგრამ მათ არ შეუძლიათ ქვეყნის შიდა პრობლემების გადაჭრა. ეს ქართველებმა თავად უნდა გააკეთონ.
- რა რეკომენდაცია გექნებოდათ მთავრობისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად?
- ამ შემთხვევაში ეს არის შეთანხმებაში დაბრუნება და აღებული ვალდებულებების პატივისცემა, მრავალპარტიული დემოკრატიისა და ძალთა უკეთესი ბალანსის უზრუნველყოფა პარლამენტში, საარჩევნო რეფორმების განხორციელება, რომლებიც დაიწყო, და სასამართლოში დანიშვნების შეჩერება, სანამ რაიმე შეთანხმება არ იქნება მიღწეული. ესაა ცხადი ნაბიჯები.
ეს პრობლემა საქართველოსთვის უნიკალური არ არის. არის ძალაუფლების შენარჩუნების სურვილი. თუკი ეს ხელისუფლება გრძნობს საფრთხეს, რომ მომდევნო არჩევნებში შეიძლება 43% ვერ აიღონ... ძალიან რთულია მმართველი პარტიები დაარწმუნო იმოქმედონ ისე, რაც მათი აზრით, საკუთარი პოლიტიკური ინტერესების საწინააღმდეგო იქნება. ეს ამერიკაშიც ასეა.
მაგრამ საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას უნდა ახსოვდეს, რომ დემოკრატია საქართველოს უდიდესი სიმდიდრე იყო ყოველთვის და მისი გაფლანგვა გამანადგურებელი იქნება მათთვის, საერთაშორისო არენაზეც და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მათთვის, როგორც ქვეყნისთვის. ეს ქვეყანას უკიდურესად დაასუსტებს უფრო მავნებელი გარე აქტორების წინაშე.