ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სიტყვები არ მყოფნის, ისეთი იმედგაცრუებული ვარ- ევროპარლამენტარი "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას აფასებს


"ქართული ოცნების" მიერ შარლ მიშელის შეთანხმების დატოვებაზე "ამერიკის ხმასთან" კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტარმა და ევროპის სახალხო პარტიის ბლოკის წევრმა ლიეტუვიდან, ასევე ლიეტუვის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, რასა იუკნევიჩიანესმა. ევროპარლამენტარი ამბობს, რომ ის იმედგაცრუებულია საქართველოში მიმდინარე მოვლენებით და მოუწოდებს მხარეებს საქართველოს საუკეთესო ინტერესების მიხედვით იმოქმედონ.

შარლ-მიშელის მედიაციით მიღწეული შეთანხმება, „ქართულმა ოცნებამ“ 100 დღის შემდეგ დატოვა. როგორია თქვენი რეაქცია ამაზე? რას ამბობს თქვენთვის ეს გადაწყვეტილება?

სიტყვებიც არ მყოფნის იმის გადმოსაცემად, როგორი იმედგაცრუებული ვარ ქართველი პოლიტიკოსების გამო. თუმცა, მჯერა, რომ საქართველო იპოვის ძალას სიტუაციის შესაცვლელად. ამ ერს პასუხისმგებლიანი ხალხი ჰყავს და ისინი აიღებენ პასუხისმგებლობას თავის თავზე.

ჩემი შეშფოთების მთავარი მიზეზი ის არის, რომ შიდა პოლიტიკური ბრძოლები აზიანებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, რეფორმების პროცესს და იმ ქვეყნის იმიჯს, რომელიც ბოლო დრომდე პროევროპული რეფორმების სათავეში იყო.

მსურს ვნახო, თუ როგორ უზრუნველყოფს მმართველი პარტია, ამ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, პოლიტიკურ დიალოგს ოპოზიციასთან, უწყვეტი პოლარიზაციის მოსაგვარებლად. ასეთი დიალოგი აუცილებელია, ვინაიდან გაერთიანებული ძალებია საჭირო იმ რეფორმების გასატარებლად, რომელმაც საქართველო ევროკავშირთან, მის მთავარ სტრატეგიულ მიზანთან, უნდა დაახლოვოს. ის რაც საქართველოში უკვე გარკვეული ხანია ხდება, აფერხებს ქვეყნის წინსვლას და ახარებს კრემლს.

ევროკავშირი აქტიურად იყო ჩართული ამ მოლაპრაკებების მიღწევაში. პრეზიდენტმა მიშელმა არაერთხელ ხაზი გაუსვა ამ მოლაპრაკების მნიშვნელობას. როგორი განწყობაა ახლა ევროპაში მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ უარი თქვა აღებულ ვალდებულებაზე?

19 აპრილის შეთანხმება პრეზიდენტ შარლ მიშელის, უპრეცენდენტო, პირადი ჩართულობით შედგა. ახლა, ისე ჩანს, თითქოს, ვიღაც ცდილობს საქართველო ჩამოაშოროს თავის მოკავშირეებს, თითქოს, ამბობენ - „შეხედეთ, ქართველები ზემდეტად არიან დაინტერესებული შიდა პოლიტიკური ომებით, ჯობია არ დაეხმაროთ, ყველაფერი გაუარესდება“. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არასწორი შეხედულებაა და მოველი, რომ მის გასაქარწყლებლად კონკრეტული ქმედებები დაიწყოს.

მე საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაერთიანების დიდი მომხრე ვარ. მისი წევრობა ძალიან დადებით გავლენას მოახდენს ქვეყნის განვითარებაზე და ასევე დადებითი ეფექტი ექნება ევროკავშირისა და ევროპის უსაფრთხოებაზეც. თუმცა, ამისთვის, საქართველომ უნდა გვაჩვენოს მკაფიო გამარჯვებები რეფორმების გზაზე. ევროკავშირთან ასოცირებული ტრიოს განცხადება, კარგი დასაწყისი იყო და იმედი მაქვს, რომ ამას კონკრეტული იმპლემენტაციის სახეც მიეცემა.

ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტში ადგილები დატოვა, საუბრობენ არჩევნების შესაძლო ბოიკოტზეც, როგორ ფიქრობთ არის თუ არა ეს გამოსავალი არსებული კრიზისიდან?

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია და ის გარანტირებული უნდა იყოს. იმედი მაქვს, რომ ევროპული ინტეგრაციის ყველა ნამდვილი მხარდამჭერი არ დაივიწყებს იმას, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია და იპოვიან სწორ გზას ყველა მთავარ პოლიტიკურ ძალასთან ერთად, რათა საქართველოს საუკეთესო ინტერებისთვის იბრძოლონ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG