ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს უკრაინის პრეზიდენტის ფიცი დადო და ინაუგურაციიდან მალევე პარლამენტი დაითხოვა, რომელსაც საკუთარი გამდიდრებით დაინტერესებული ჯგუფი უწოდა.
უმაღლესი რადას დათხოვნამდე, კი მან პალატას კანონპროექტის მიღება სთხოვა, რომლის მიზანიც კანონმდებლების მიერ არაკანონიერი გამდიდრების აკრძალვაა. ახალმა პრეზიდენტმა რადას ასევე მოუწოდა მხარი დაუჭიროს მის მოთხოვნას თავდაცვის მინისტრის, უსაფრთხოების სამსახურის უფროსის და გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ზელენსკის თქმით, ისინი უკრაინის ახლა უკვე ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მოკავშირეები არიან.
პარლამენტის არჩევნები ორ თვეში გაიმართება, რომლის შემდეგაც მან შესაძლოა ხმების უმრავლესობა მოიპოვოს, რითაც საკუთარი პოლიტიკის ადვილად გატარების საშუალება მიეცემა.
საინაუგურაციო სიტყვის დროს, უკრაინის მეექვსე პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაა.
მან ასევე პირობა დადო, რომ უკრაინა დასავლურ კურსს გააგრძელებს. ამ ორი პოლიტიკური კურსის გარდა ამ დროისთვის თითქმის უცნობია, როგორია მისი პოლიტიკური პროგრამა.
ვოლოდიმის ზელენსკის ინაუგურაციას, სხვა სტუმრებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა. შეერთებული შტატების მაღალჩინოსანთა დელეგაციის წევრებს შორის კი ენერგეტიკის მდივანი რიკ პერი და ამერიკის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის მოლაპარაკებებში კურტ ვოლკერი იყვნენ.