უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების ხმების 90 პროცენტი დათვლილია. არჩევნებში დიდი უპირატესობით (73.2 პროცენტით) კომიკოსმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაიმარჯვა. მოსახლეობის აქტივობამ 61.4 პროცენტი შეადგინა. „უკრაინამ ბევრჯერ აჩვენა, რომ მას შეუძლია ჩაატაროს არჩევნები, რომელიც შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. უკრაინელები ამით უნდა ამაყობდნენ“, - ამბობს დევიდ კრეიმერი ფლორიდის უნივერსიტეტიდან.
საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნები პოზიტიურად შეაფასეს. „[უკრაინელებმა] ჩაატარეს დემოკრატიული, გამჭირვალე და სამართლიანი არჩევნები... ვფიქრობ, ეს დადებითია უკრაინის და უკრაინისა და შეერთებული შტატების ურთიერთობების მომავლისთვის. პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან. კანონის უზენაესობა რჩება... პოლიტიკურ პროცესში ყოველთვის არიან გამარჯვებულები და დამარცხებულები“, - განაცხადა კონგრესმენმა ჯონ შიმკუსმა.
პეტრო პოროშენკო ამ ბრძოლიდან დამარცხებული გამოვიდა, თუმცა ის პოლიტიკაში რჩება. ხოლო უკრაინელი შოუმენი ახლა უკვე რეალურ ცხოვრებაში მოირგებს პრეზიდენტის როლს.
ზელენსკის მხარდამჭერები, მასში უკრაინისთვის ახალ შანსს და გარდაქმნების შესაძლებლობას ხედავენ. 41 წლის არჩეულ პრეზიდენტს, ქვეყნის აღმოსავლეთში რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან და ენდემურ კორუფციასთან მოუწევს გამკლავება. თუმცა ამ დრომდე, მისი გეგმების შესახებ და იმაზე, თუ როგორ აპირებს ის ამ და სხვა პრობლემების გადაჭრას ცოტა რამაა ცნობილი.
ზელენსკის მთავარი პლატფორმა წინასაარჩევნოდ ქვეყნის კორუმპირებული ელიტის წინააღმდეგ გალაშქრება იყო. მისი საარჩევნო კამპანია შოუს ბევრ ელემენტს მოიცავდა, რაც განსაკუთრებით იმის გათვალისწინებთ, რომ თავად პოპულარობა სატელევიზიო შოუს მეშვეობით მოიპოვა, გასაკვირი არაა. ზელენსკი, სატელევიზიო შოუში „ხალხის მსახური“ მასწავლებელს თამაშობდა, რომელიც პრეზიდენტი ხდება და ქვეყნის რეფორმირებას ცდილობს.
ევრომაიდანის რევოლუციის 5 წლის თავზე, უკრაინელებმა გადაწყვიტეს პოლიტიკურად გამოუცდელი კანდიდატისთვის დაეჭირათ მხარი იმ იმედით, რომ ის ოლიგარქიული სისტემის შეცვლას შეძლებს. თუმცა ზელენსკის კრიტიკოსები, მომავალი პრეზიდენტის უკრაინელ ოლიგარქ იგორ კალამოისკისთან კავშირებზე მიუთითებდნენ, რომელიც იმ ტელეარხის მეპატრონეა, რომელზეც ზელენსკის ტელეშოუ გადაიცემოდა. შემოსავლების კუთხით, არც ზელენსკი არაა საშუალო სტატისტიკური უკრაინელი, რომელსაც ის ტელეშოუში თამაშობს. ის მილიონერია. საკუთარ შემოსავალს ზელენსკი წარმატებულ ბიზნესს უკავშირებს, საკუთარი კომპანიის „კვარტალი 95“-ის სახით.
სვლა გამარჯვებამდე
საარჩევნო კამპანია ზელენსკიმ ახალი წლის ღამის მიმართვით დაიწყო. მან მალევე მოიპოვა მხარდამჭერთა დიდი რაოდენობა. ის ებრაელი უკრაინელია, ქვეყნის აღმოსავლეთიდან. კამპანიის განმავლობაში ის ე.წ. „სურჟიკზე“ - რუსულის და უკრაინულის ნარევზე საუბრობდა. ამ ფაქტორების გათვალისწინებთ, მიმომხილველთა ნაწილი ამბობდა, რომ ზელენსკის საბაზისო ამომრჩეველი აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინიდანაა. თუმცა, არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ ზელენსკიმ მხარდაჭერები თანაბრად არიან განაწილებული მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკრაინის დასავლეთ გალიციის რეგიონის გამოკლებით. პოროშენკომ არჩევნების მოგება მხოლოდ ამ რეგიონის ნაწილში და საზღვარგარეთის უბნებზე მოახერხა.
უკრაინელების იმედები ახლა ზელენსკისკენაა მიმართული. თუმცა ერთია პრეზიდენტის როლის თამაში და მეორე მის როლში ყოფნა. მისი წინასაარჩევნო მანტრა „არანაირი დაპირება და არანაირი უკმაყოფილება“ იყო. მიუხედავად ამისა, აღმოსავლეთ უკრაინაში ამომრჩეველს იმედი აქვს, რომ ის მოახერხებს რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას მაშინ, როცა დასავლეთ უკრაინელები იმედოვნებენ ზელენსკი ქვეყანას ნატოსკენ წაიყვანს. ზელენსკის ამ მოლოდინების დაბალანსება მოუწევს.
წინასარჩევნო დებატებში, რომელიც კიევის „ოლიმპიურ სტადიონზე“ გაიმართა, პოროშენკო ოპონენტზე შეტევას იმის თქმით შეეცადა, რომ ზელენსკი ვლადიმირ პუტინს ვერ გაუმკლავდებოდა, ზელენსკიმ საპასუხოდ განაცხადა: „მე თქვენი შეცდომების შედეგი ვარ. მე თქვენი ვერდიქტი ვარ“.
„ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის პროგრამების დირექტორი ჯონ ჰერბსტი კვლევითი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ამბობს, რომ იმისთვის, რომ პოპულარობა შეინარჩუნოს, ზელენსკი საქმეს უნდა შეუდგეს.
2014 წელს, „მაიდნის“ მოვლენებმა, უკრაინელ ამომრჩეველს დიდი მოლოდინები შეუქმნა. მიმომხილველთა ნაწილი ფიქრობს, რომ პოროშენკომ ვერ მოახერხა ამ მოლოდინების შესრულება. ნელმა რეფორმებმა და ცვლილებებმა საბოლოოდ ამომრჩევლის იმედგაცრუება გამოიწვია. კამპანიისას პოროშენკო ცდილობდა, თავი საერთაშორისო პლატფორმაზე წარმატებულ ლიდერად წარმოეჩინა, თუმცა საარჩევნო ყუთებთან უკრაინელები უფრო ეკონომიკურ მდგომარეობაზე ფიქრობდნენ, ვიდრე საგარეო ურთიერთობებზე. „მან უნდა განახორციელოს რეფორმები“, - ამბობს ჰერბსტი.
კრემლი შეეცდება ახალი კანდიდატის გამოუცდელობა გამოიყენოს. „პუტინი, სავარაუდოდ გამოცდის ზელენსკის მომავალი თვეების და კვირების განმავლობაში“, - ამბობს ჰერბსტი. „ის იმედოვნებდა, რომ ამ არჩევნებით უფრო ადვილი გახდებოდა უკრაინის ევროპული ორიენტაციის შეცვლას“, - აცხადებს ჰერბსტი.
არჩევნების წინ, ზელენსკის ოპონენტები აცხადებდნენ, რომ ეს კანდიდატურა მოსკოვისთვის უფრო მისაღები იყო, ვიდრე პოროშენკოსი. ხოლო ვაშინგტონისა და ბრიუსელისთვის, მიუხედავად იმისა, რომ პოროშენკოს პოლიტიკას და რეფორმების ტემპს ბევრი აკრიტიკებდა, საომარი პერიოდის პრეზიდენტი ნაცნობი ხილი იყო. ზელენსკის გეგმების ბუნდოვანებამ და მისმა წარმატებამ ბევრს გაუჩინა შიში მის შესაძლო ნაბიჯებზე კრემლის პირისპირ.
მაგრამ მიმომხილველთა ნაწილი ფიქრობს, რომ უკრაინის საგარეო პოლიტიკის ცვლილების საშიშროება არ დგას, რადგან „მაიდნის რევოლუციამ“ და შემდგომმა რუსულმა აგრესიამ ფუნდამენტურად შეატრიალა უკრაინა დასავლეთისკენ. 2014 წელს, მაშინდელი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის გადაწვეტილებამ, არ მოეწერა ხელი ევროკავშირთან „ასოცირების ხელშეკრულებაზე“, ასი ათასობით უკრაინელი ქუჩაში გამოიყვანა. სწორედ ამიტომ, და პირველად უკრაინის ისტორიაში, დებატები თუ საით უნდა წავიდეს ქვეყანა, დასავლეთისკენ თუ აღმოსავლეთისკენ, დროებით მაინც, დასრულებულია.
„დარჩენილი წლის მანძილზე ფოკუსში სავარაუდოდ რადას არჩევნები იქნება. ამერიკის კონგრესში და შეერთებული შტატების ადმინისტრაციაში უკრაინის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა არსებობს და ველი, რომ ეს ასე გაგრძელდება“, - განაცხადა დეივიდ კრეიმერმა ფლორიდის უნივერსიტეტიდან.
უკრაინის პარლამენტს, „ვერხოვნა რადას“, რეფორმების კუთხით მნიშვნელოვანი როლი აქვს და მასზე დიდი გავლენა აქვთ უკრაინელ ოლიგარქებს. სწორედ ამიტომ, ტრიუმფალური გამარჯვების მიუხედავად, ზელენსკის ბრძოლა დასრულებული არააა.
Facebook Forum