ჩინეთის ლიდერი სერბეთს სტუმრობს და ვუჩიჩთან თანამშრომლობას აღრმავებს

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი და სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი 8 მაისს ბელგრადში ერთმანეთს შეხვდნენ. მათ დასახვედრად ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ორი ქვეყნის ლიდერმა ისაუბრა “რკინის” მეგობრობაზე და ერთობლივი განცხადება გაავრცელეს თანამშრომლობის გაღრმავების შესახებაც.

ეს არის ჩინეთის ლიდერის ექვსდღიანი ევროპული მოგზაურობის მეორე ეტაპი. ის საფრანგეთში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და ევროკავშირის ლიდერებს შეხვდა, 8-9 მაისს კი უნგრეთს სტუმრობს.

სერბეთ-ჩინეთის შეთანხმება, რომელსაც ხელი სიმ და ვუჩიჩმა მოაწრეს, აღრმავებს მათი თანამშრომლობის დონეს სტრატეგიული პარტნიორობიდან, ორი ქვეყნის “საერთო მომავლის ახალ ეპოქაში".

ორმხრივი შეხვედრების სერიის შემდეგ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ეს არის "ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის უმაღლესი ფორმა". სიმ კი თქვა, რომ მათი ქვეყნები "ერთობლივად დაუპირისპირდებიან ჰეგემონიას ფუნდამენტური და გრძელვადიანი ინტერესებიდან" გამომდინარე.

ასევე ნახეთ: რუსეთი და ჩინეთი ევრაზიაში უსაფრთხოების თანამშრომლობის გაღრმავებას განიხილავენ

ბელგრადში, პრეზიდენტის სასახლის აივნიდან გამოსვლისას ვუჩიჩმა მადლობა გადაუხადა სის "პატარა სერბეთში" სტუმრობისთვის და თქვა, რომ ისინი "დღეს ისტორიას ქმნიან, მიუხედავად იმისა, რომ ბევრისთვის ეს ასე არ გამოიყურება".

მოსკოვის მსგავსად, დიპლომატიურად პეკინმაც დაუჭირა მხარი ბელგრადს, კოსოვოს ყოფილი პროვინციის დამოუკიდებლობის არაღიარების კუთხით. ხოლო ბელგრადი მხარს უჭერს ჩინეთის პრეტენზიებს ტაივანზე. "ტაივანი ჩინეთია", - თქვა ვუჩიჩმა 8 მაისს.

სის ვიზიტი, დაემთხვა ნატოს მიერ 1999 წელს ბელგრადში ჩინეთის საელჩოს დაბომბვის 25 წლის იუბილეს.

ჩინეთმა გასული ათწლეულის განმავლობაში სერბეთში 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, ჩადო ინვესტიცია სპილენძის მაღაროებსა და ფოლადის ქარხანაში, ასევე მთავარ ავტომაგისტრალსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებში. თუმცა ამ პროექტებს ბევრი გამჭვირვალობის ნაკლებობისთვის აკრიტიკებდა.