წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი ლიდერის, ნენსი პელოსის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე ფორმალური გამოძიება დაიწყოს, პრეზიდენტ ტრამპის გზას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე კიდევ უფრო ართულებს. რა შედეგითაც უნდა დასრულდეს ეს სკანდალი, პროცესში შესაძლოა ორივე პარტიის ამომრჩეველი გააქტიურდეს.
სხვადასხვა კვლევის თანახმად, დონალდ ტრამპის რეიტინგი იმაზე დაბალია, ვიდრე ამავე პერიოდებში სხვა პრეზიდენტების რეიტინგები. მის საქმიანობას ბოლო პერიოდში საშუალოდ 40 % იწონებს.
მაშინ, როდესაც დემოკრატები ამომრჩევლის მობილიზებას ახდენენ, რათა დონალდ ტრამპმა მეორე ვადითაც არ დაიკავოს ოვალური კაბინეტი, მოქმედი პრეზიდენტი ძლიერი ეკონომიკისა და ერთგული მხარდამჭერების იმედადაა. თუმცა, ბოლო დროს ეკონომიკური კუთხითაც გაჩენილი კითხვების გამო, შესაძლოა მის მიმართ მხარდაჭერაც აღარ იყოს იმდენად მყარი.
იმპიჩმენტის პოლიტიკა
თუმცა, ტრადიციული წინასაარჩევნო პერიპეტიების მიღმა, პრეზიდენტ ტრამპს ახალი გამოწვევა აქვს. წარმომადგენელთა პალატის დემოკრატები მისი იმპიჩმენტის საკითხს იძიებენ. საქმე ბოლოდროინდელ სკანდალს ეხება იმის თაობაზე, რომ შესაძლოა პრეზიდენტმა ტრამპმა უცხო ქვეყნის ლიდერს - უკრაინელ კოლეგას საკუთარი მეტოქის, ჯო ბაიდენის შვილის ბიზნეს-საქმიანობის გამოძიებისკენ მოუწოდა. შესაძლო ზეწოლის ინსტრუმენტად კი ამერიკის საგარეო, სამხედრო დახმარება გამოიყენა და ის დროებით გაყინა.
წარმომადგენელთა პალატის იმ ოთხი კომიტეტის თავმჯდომარის ერთობლივი განცხადებით, რომელთა ფარგლებშიც ამ საქმის გამოძიება მოხდება, დემოკრატები არაორაზროვნად გმობენ და შოკირებულნი არიან იმით, თუ როგორ ხდება პრეზიდენტის უფლებამოსილების გამოყენება პოლიტიკური უპირატესობის მოსაპოვებლად. ჯო ბაიდენმა კი განცხადება კამპანიის შეხვედრების პარალელურად გააკეთა და თქვა, რომ „ტრაგედიაა, როდესაც პრეზიდენტი პიროვნულ პოლიტიკას მის წმინდა ფიცზე მაღლა აყენებს“. ბაიდენის თქმით, კონგრესმა ფაქტები უნდა გამოიკვლიოს და დაუყოვნებლივ იმოქმედოს იმისთვის, რომ პრეზიდენტი საკუთარ ქმედებებზე ანგარიშვალდებული იყოს.
კონგრესი აპირებს გამოიძიოს, გაყინა თუ არა ამერიკის პრეზიდენტმა უკრაინისთვის განკუთვნილი სამთავრობო დახმარება საკუთარი საპრეზიდენტო კამპანიის წარმატებისთვის. აშშ-ის კონგრესმა უკრაინას ბიუჯეტიდან 391 მილიონი დოლარი გამოუყო, აქედან დაახლოებით 250 მილიონი ქვეყნის თავდაცვის ხარჯებისთვისაა განკუთვნილი.
"ამ კვირაში პრეზიდენტმა აღიარა, რომ უკრაინის პრეზიდენტს მოსთხოვა ისეთი ქმედება, რაც მას პოლიტიკურ მოგებას მოუტანდა. ეს ქმედება... ამჟღავნებს ფიცის დარღვევის, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ღალატის და არჩევნების ხელშეუხებლობის ღალატის უმსგავსო ფაქტს" - განაცხადა პელოსიმ. მან წარმომადგენელთა პალატის 6 კომიტეტს დაავალა დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა. "პრეზიდენტმა პასუხი უნდა აგოს. კანონზე მაღლა არავინაა" - თქვა წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა სპიკერმა კვირის დასაწყისში.
ტრამპი უარყოფს, რომ რამე არასწორად გააკეთა და ამბობს, რომ ეს გამოძიება მას პირიქით, არჩევნების მოგებაში დაეხმარება.
"კარგი ამბავი ამის შესახებ ისაა, რომ ამომრჩევლები ხვდებიან, ესმით... ამიტომ ამბობენ, რომ ეს კარგია არჩევნებისთვის. მაგრამ იცით რა? ეს ცუდია ქვეყნისთვის". - უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს გაეროს გენერალური ასამბლეის ღონისძიებების ფარგლებში.
ერთგული ამომრჩევლების მობილიზაციის დრო
ტრამპის მხარდამჭერები ამბობენ, რომ კონგრესის მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ წასვლა, პირიქით, მისი ერთგული ამომრჩევლის მობილიზებას მოახდენს და ისინი საკუთარ პოზიციას 2020 წლის არჩევნებში აქტიურად გამოხატავენ. თუმცა, დემოკრატი სტრატეგები ამბობენ, რომ იმპიჩმენტის საკითხი არც დემოკრატ ამომრჩეველს დატოვებს გულგრილს. მათი უმეტესობა კი 2020-ისთვის უკვე მზადაა.
ანალიტიკოსები ამბობენ, იმპიჩმენტის საკითხზე გამოძიების დაწყება მხოლოდ უფრო გაამწვავებს პოლარიზაციასა და პარტიულ დაპირისპირებას ქვეყანაში.
"მე მართლა ვფიქრობ, რომ 2020 წლის არჩევნები ამ ეტაპზე [შანსების] 50-50 -ზე განაცხადია, ბევრი წინააღმდეგობრივი საკითხია, რომელიც ან ტრამპის საკეთილდღეოდ ან საწინააღმდეგოდ იმუშავებს", - ამბობს ვირჯინიის უნივერსიტეტის ანალიტიკოსი კაილი კონდიკი. "და რა თქმა უნდა, უცნობია ეკონომიკის საბოლოო მდგომარეობა, ომისა და მშვიდობის მდგომარეობა, დემოკრატი ნომინანტის ვინაობა და ა.შ.", - ამბობს პროფესორი.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ დემოკრატებს მხარდაჭერის მოპოვება არა მხოლოდ კანონმდებლებისგან, არამედ ხალხისგანაც სჭირდებათ. კვინიპიაკის უნივერსიტეტის ახალი კვლევის თანახმად, იმპიჩმენტის იდეას გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 37 % ემხრობა, 57 % კი წინააღმდეგია. "მორნინგ ქონსალთისა" და "პოლიტიკოს" გამოკითხვით კი ეს რიცხვები 36% / 49 %-ია.
აქვე უნდა ითქვას, რომ ამ კვლევების შედეგები მანამდე გამოქვეყნდა, ვიდრე ნენსი პელოსი იმპიჩმენტის გამოძიებას დაიწყებდა. მაშინაც კი, თუკი დემოკრატების მიერ კონტროლირებული პალატა იმპიჩმენტს დაამტკიცებს, ნაკლებ სავარაუდოა, რომ სენატი, რომელშიც რესპუბლიკელებს უმრავლესობა აქვთ, პრეზიდენტის მიერ პოსტის დატოვებას დაუჭერს მხარს.