ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ის ამად უბრალოდ არ ღირს" - პელოსი ტრამპის იმპიჩმენტზე


შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა სპიკერმა, ნენსი პელოსიმ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე თქვა, რომ ის საკუთარ პოსტს არც ეთიკით და არც ინტელექტით შეესაბამება. თუმცა, პელოსი, რომელიც ამერიკის ძალაუფლების ვერტიკალში მესამე რანგის მქონე ხელისუფალია (პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის შემდეგ), ტრამპის იმპიჩმენტის თაობაზე ამბობს, რომ "ის ამად უბრალოდ არ ღირს". მასთან ინტერვიუ "ვაშინგტონ პოსტში" ორშაბათს გამოქვეყნდა.

პელოსი თვლის, რომ იმპიჩმენტის პროცესს ახლა ქვეყანაზე უარყოფითი გავლენა ექნება. საქმე იმაშია, რომ წარმომადგენელთა პალატაში ტრამპის საქმიანობასთან დაკავშირებით ახალი გამოძიებები დაიწყო, რის შემდეგაც პრეზიდენტის შესაძლო იმპიჩმენტზე საუბარი გახშირდა. ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას პელოსიმ ასე უპასუხა: იმპიჩმენტი იმდენად დაყოფს და დააპირისპირებს ქვეყანას, რომ თუ რაიმე ძალიან თვალშისაცემი, მასშტაბური და ორივე პარტიისთვის მიუღებელი არ ხდება, "არ მგონია, რომ ეს გზა უნდა ავირჩიოთ, რადგან ეს დაანაწევრებს ქვეყანას".

წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თქმით, შეერთებულ შტატებში პოლიტიკური კლიმატი დღეს ყველაზე მძაფრი დაპირისპირებებით არის აღნიშნული, რასაც კი ის მოსწრებია. შექმნილ ვითარებას პელოსი ტრამპს და კონგრესში მის მხარდამჭერ რესპუბლიკელებს აბრალებს.

2020 წლის არჩევნებზე სპიკერ პელოსის პრიორიტეტი დემოკრატების მიერ სენატზე კონტროლის მოპოვება და თეთრ სახლში დემოკრატი პრეზიდენტის დაბრუნება იქნება. ტრამპის დამარცხება მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პელოსი თვლის, რომ პრეზიდენტი არ სცემს პატივს ქვეყნის მთავარ ფასეულობებს, მის კონსტიტუციას, არც საერთაშორისო შეთანხმებებს და ნატოს - ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის - ვალდებულებებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG