ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის საქმიანობასთან დაკავშირებით, კონგრესში გამოძიების მასშტაბები იზრდება


კონგრესმენი ჯეროდ ნადლერი, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში, აცხადებს, რომ ორშაბათს 60 ადამიანზე დოკუმენტებს გამოითხოვს. მათ შორის თეთრი სახლის და იუსტიციის დეპარტამენტის ოფიციალური პირებიც არიან.

ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საქმიანობასთან და 2016 წელს არჩევნებზე რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებების მთელი სერია კიდევ უფრო გაფართოვდება. ტელეკომპანია "ეი-ბი-სის" ჟურნალისტებს დემოკრატმა კონგრესმენმა უთხრა, რომ მოთხოვნა გულისხმობს "გამოძიების დაწყებას, რათა ამერიკელ ხალხს წარედგინოს საქმე მართლმსაჯულების აღსრულებისთვის ხელის შეშლის, კორუფციის და ძალაუფლების გადამეტების თაობაზე".

წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტი ითხოვს დოკუმენტებს ტრამპის უფროსი ვაჟის - უმცროსი დონალდ ტრამპის საქმიანობასთან დაკავშირებით. მათ ასევე სურთ ალენ უაისელბერგის საქმიანობის შესწავლა, ადამიანის, რომელიც ტრამპის ორგანიზაციის, მისი გლობალური ბიზნეს იმპერიის უფროსი ფინანსური ოფიცერია.

ჯეროდ ნადლერი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი ტრამპი მისი მმართველობის პირველი ორი წლის მანძილზე მართლმსაჯულების აღსრულებას უშლიდა ხელს. "ჯერ ფაქტები არ გვაქვს" - განაცხადა იურიდიული კომიტეტის დემოკრატმა თავმჯდომარემ, "მაგრამ, საჭირო გამოძიების დაწყებას ვგეგმავთ".

ნადლერის კომიტეტი პირველი იქნება, ვინც რესპუბლიკელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას გეგმავს. თუმცა, კონგრესმენი იმასაც ამბობს, რომ ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

იმპიჩმენტის პროცედურამდე, წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტი ე.წ. მალერის გამოძიების დასკვნას ელოდება, რომელიც უკვე 22 თვეა გრძელდება. სპეციალური გამომძიებელი რობერტ მალერი რუსეთთან ტრამპის საარჩევნო კამპანიის სავარაუდო გარიგების და მართლმსაჯულების აღსრულებისთვის ხელის სავარაუდო შეშლის საქმეებს იძიებს.

პრეზიდენტი ტრამპი აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს. ის მალერის გამოძიებას გამუდმებით "კუდიანებზე ნადირობას" უწოდებს. ჰანოის სამიტიდან დაბრუნების შემდეგ, ტრამპმა განაახლა აღნიშნულ გამოძიებაზე თავდასხმები. "მე უდანაშაულო კაცი ვარ, რომელსაც ზოგი ძალიან ცუდი, წინააღმდეგობრივი და კორუმპირებული ადამიანი სდევნის" - განაცხადა მან. "და მხოლოდ იმიტომ, რომ არჩევნები მოვიგე! ამ დიდი მიღწევების მიუხედავად!" - დაწერა ტრამპმა კვირას, სოციალურ ქსელ "ტვიტერზე".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG