ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯულიანი: ტრამპის საარჩევნო შტაბი, შესაძლოა, გაურიგდა რუსეთს, მაგრამ არა ტრამპი


პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერთ-ერთი ადვოკატი რუდი ჯულიანი აღიარებს, რომ 2016 წლის საარჩევნო კამპანიის ზოგიერთი მაღალჩინოსანი, შესაძლოა, რუსეთთან თანამშრომლობდა, რათა ტრამპს გამარჯვებაში დახმარებოდა.

ამავე დროს ჯულიანი ამბობს, რომ პირადად ტრამპი გარიგებაში არ მონაწილეობდა. "არასოდეს მითქვამს, რომ კამპანიას [და რუსეთს], ან კამპანიის მონაწილე პირებს [და რუსეთს] შორის გარიგება არ ყოფილა," განუცხადა ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა CNN-ს. "მე ვთქვი [რომ გარიგებაში არ ყოფილა] შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ერთი მისხალი მტკიცებულებაც არ არსებობს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჩაიდინა დანაშაული და რუსებს [ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის ეროვნულ კომიტეტზე] ჰაკერული თავდასხმების ორგანიზებაში გაურიგდა."

ჯულიანის ახალი აღიარება ტრამპის კამპანიისა და მოსკოვის შესაძლო თანამშრომლობის შესახებ სრულად ეწინააღმდეგება პირადად ტრამპის განცხადებებს. პრეზიდენტმა "ტვიტერზე," სულ მცირე, 13-ჯერ დაწერა, რომ მისი წარმატებული საარჩევნო კამპანია რუსეთთან არ გარიგებულა. ერთი თვის წინ, ტრამპმა "ტვიტერში" დაწერა, რომ "დემოკრატები ვერ პოულობენ მტკიცებულებას, რომელიც ტრამპის კამპანიისა და რუსეთის კავშირებზე მიუთითებს. მტკიცებულება არ არსებობს. გარიგება არ ყოფილა." რუსეთი უარყოფს აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების დასკვნას, რომლის თანახმადაც მოსკოვის აგენტები არჩევნებში ჩაერივნენ, რათა ტრამპს გამარჯვებაში დახმარებოდნენ. თუმცა გასულ ივლისს, ჰელსინკის სამიტისას, პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა, რომ მას დიახაც სურდა, ტრამპს დემოკრატი კონკურენტი ჰილარი კლინტონი დაემარცხებინა.

საგანგებო პროკურორი რობერტ მალერი და მისი გუნდი ტრამპის კამპანიისა და რუსეთის შესაძლო კავშირებს უკვე 20 თვეა, იძიებენ. გამოძიების საგანია ისიც, შეეცადა თუ არა პრეზიდენტი ტრამპი გამოძიების ჩაშლას და ამ გზით მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას. გავრცელებული ინფორმაციით, მალერი ანგარიშის წერას მალე დაასრულებს. მას აღიარებითი ჩვენებები მისცეს ტრამპის პირადმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა, უშიშროების საკითხებში ყოფილმა მრჩეველმა მაიკლ ფლინმა, საარჩევნო კამპანიის ყოფილმა ხელმძღვანელმა პოლ მანაფორტმა, საარჩევნო კამპანიის ყოფილმა მოხელემ რიკ გეიტსმა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ყოფილმა მრჩეველმა ჯორჯ პაპადოპულოსმა.

ჯულიანის განცხადებას წინ უსწრებდა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მანაფორტი საარჩევნო კამპანიის მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევებს უკრაინაში, ყოფილ საქმიან პარტნიორს უზიარებდა. ამერიკელი პროკურორები ამბობენ, რომ ეს პირი რუსეთის დაზვერვის თანამშრომელი იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG