საერთაშორისო სავალუტო ფონდს 2024 წლისთვის ოპტიმისტური ეკონომიკური პროგნოზი აქვს

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დღეს დაადასტურა საკუთარი ოპტიმისტური პროგნოზი გლობალური ეკონომიკური ზრდის თაობაზე. ფონდმა გააუმჯობესა როგორც შეერთებული შტატების, ისე ჩინეთის 2024 წლის ეკონომიკური პერსპექტივა, რომელთაც მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკა აქვთ და ასევე ივარაუდა ინფლაციის მოსალოდნელზე სწრაფად შემსუბუქება.

ასევე ნახეთ: გერმანიაში ეკონომიკის ზრდა დაფიქსირდა

პიერ-ოლივიე გარინჩასმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მთავარმა ეკონომისტმა განაცხადა, რომ მცირე ვარდნის შემდეგ, ისინი შედარებით "რბილ დაშვებას" მოელიან. თუმცა, საბოლოო ჯამში, ეკონომიკური ზრდა და ვაჭრობა ისტორიულ საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, მაინც დაბალი რჩება.

„ჩვენი აზრით, გლობალური ეკონომიკა აგრძელებს სიმტკიცის ჩვენებას... ახლა დაღმასვლის ფინალური, „რბილი დაშვებისკენ“ მივემართებით, როცა ინფლაცია სტაბილურად იკლებს და [ეკონომიკური] ზრდა მტკიცე რჩება" - თქვა გარინჩასმა. თუმცა, იქვე დასძინა, რომ ეკონომიკის ზრდა შედარებით ნელა ხდება და ამ გზაზე რყევები გამორიცხული არ არის.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინა პროგნოზით, 2024 წელს გლობალური ეკონომიკის 3.1%-ით ზრდას მოელოდნენ. ახალი პროგნოზი პროცენტის ორი მეათედით არის გაუმჯობესებული, 2025 წლისთვის კი პროგნოზი უცვლელი დარჩა და ფონდის ვარაუდით, 3.2%-ით ზრდას მოასწავებს. 2000-2019 წლების პერიოდის ისტორიული საშუალო მაჩვენებელი 3.8% იყო.

ეკონომიკის ზრდის ახალ პროგნოზში აღნიშნულ გაუმჯობესებულ პერსპექტივას, საერთაშორისო სავალუტო ფონდის განმარტებით, ხელი შეუწყო კერძო და სახელმწიფო დანახარჯების ზრდამ. მკაცრი სავალუტო პირობების მიუხედავად, ასევე გაიზარდა სამუშაო ძალის ჩართულობა, გაუმჯობესდა მიწოდების ჯაჭვების მუშაობა, გაიაფდა ენერგორესურსები და სხვა საქონელი.