მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, რომელიც ტრადიციულად შვეიცარიის ქალაქ დავოსში იმართება, სტარტს რამდენიმე დღეში, 14 იანვარს აიღებს და 19 იანვრამდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნესისა თუ ტექნოლოგიების სფეროს ლიდერები იღებენ. ფორუმს როგორც წესი, ესწრებიან წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციები და საზოგადოებრივი გაერთიანებები.
ანალიტიკოსების შეფასებით, შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი წელს ურთულეს გეოპოლიტიკურ ფონზე გაიმართება. ეს არამარტო ახლო აღმოსავლეთში ღაზის და ევროპის კონტინენტზე უკრაინის ომებითაა განპირობებული, არამედ - მთელ მსოფლიოში ვალებისა და ცხოვრების ხარჯების ზრდის ფონით.
დღეს გამოქვეყნდა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) გამოკითხვის შედეგები. რისკების შეფასების სპეციალისტთა აზრით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში, გლობალური კრიზისის გამოწვევა შესაძლებელია უპირატესად ორი მიზეზით: პირველ ადგილზეა ექსტრემალური ამინდი და მეორეზე - დეზინფორმაცია.
ექსტრემალური ამინდი 2024 წლის ყველაზე დიდ რისკად სახელდება. დეზინფორმაცია კი 2024-2025 წლების ყველაზე მძიმე გლობალურ რისკად არის შეფასებული. წელს მილიარდობით ადამიანი არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, ეს ისტორიაში ყველაზე დიდ საარჩევნო წელია. შეერთებული შტატებით დაწყებული, ინდოეთისა და მექსიკის ჩათვლით, არჩევნები 2024-ში მსხვილი ეკონომიკის მქონე ბევრ ქვეყანაში ტარდება.
შედარებით შორეულ პერსპექტივაში, შემდეგი 10 წლის განმავლობაში, ექსპერტები გარემოსდაცვით რისკებს გამოყოფენ. მათ შორის - ბიომრავალფეროვნების დაკარგვას და დედამიწის სისტემებში კრიტიკულ ცვლილებს, რაც რისკების რეიტინგში პირველ ადგილზეა. მეორე ადგილზე კვლავ დეზინფორმაცია, მესამეზე კი - ხელოვნური ინტელექტის უარყოფითი შედეგებია.
Facebook Forum