ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიამ კრიზისის გაღრმავებასთან ერთად, 2024 წლის ბიუჯეტის განხილვა გაურკვეველი ვადით გადადო


ოთხშაბათს გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის კოალიციამ მომავალი წლის ბიუჯეტის საკითხზე მოლაპარაკებები განუსაზღვრელი ვადით გადადო. ამჟამად კოალიცია ცდილობს მოძებნოს გამოსავალი სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოწვეული კრიზისიდან, რომელმაც ქვეყნის ფინანსებში 60 მილიარდი ევროს მოცულობის ნაკლებობა გააჩინა.

მოლაპარაკებების დაყოვნებამ, რომელიც პარლამენტში ხუთშაბათისთვის იყო ჩანიშნული, ხაზი გაუსვა იმ გამოწვევას, რომლის წინაშეც მთავრობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამო აღმოჩნდა. სასამართლომ პანდემიისთვის განკუთვნილი ფონდების გამოუყენებელი ნაწილის „მწვანე“ ინვესტიციების და ინდუსტრიის მხარდასაჭერად გადანაწილება დაბლოკა.

ამ ვითარებამ წარმოშვა გაფრთხილებები, რომ გერმანიის უკვე მერყევი ეკონომიკა მომავალ წელს გაუარესდება და მისი ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებელი პროექტები და სუბსიდიები ახლა რისკის ქვეშაა.

სამი პარტიის რთული კოალიცია, რომელშიც შოლცის სოციალ-დემოკრატები „მწვანეებთან“ და თავისუფალ დემოკრატებთან არიან გაერთიანებული, ცდილობს მოახერხოს გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შეძლებისდაგვარად მეტ ხარჯვით ნაწილს შეიცავს და ამავე დროს, იურიდიულად გამართული იქნება.

მათ ხელთ არსებულ ვარიანტებში შედის 2023 წლის დამატებითი ბიუჯეტის შედგენა და გერმანიის მიერ ნებაყოფლობით მიღებული ვალის ზრდის დამუხრუჭების კანონის დროებით შეჩერება და მომავალ წელს, მისი ხელახლა ძალაში შესვლა.

ხარჯვითი ნაწილის თითქმის ყველა ერთეულის პერსპექტივა, რომელიც ფორმალურად ჯერ კიდევ არ დამტკიცებულა, ბუნდოვანია. გაურკვეველ ნაწილებს შორის არის უკრაინისადმი დახმარებაც.

მთავრობამ მომავალი წლისთვის უკრაინის სამხედრო დახმარების გაორმაგება და 8 მილიარდ ევრომდე გაზრდა დაგეგმა, მაგრამ მიმდინარე დისკუსიების ფონზე, თავდაცვის სამინისტრო ვერ ამბობს ეს დაპირება შესრულდება თუ - ვერა.

XS
SM
MD
LG