ვიქტორ იანუკოვიჩი თავს უკრაინის ლიდერად მიიჩნევს

ვიქტორ იანუკოვიჩი, 11 მარტი, 2014

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ყირიმის უკრაინიდან გასვლის სურვილში საკუთარი ოპონენტები დაადანაშაულა. მან განაცხადა, რომ ის ჯერ კიდევ ქვეყნის პრეზიდენტი და მთავარსარდალია.

იანუკოვიჩმა ეს განცხადება ქალაქ როსტოვიდან გააკეთა, რაც მისი პრეზიდენტობიდან გადადგომის შემდეგ მეორე საჯარო გამოსვლაა.

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა დროებითი მთავრობის წევრებს „ექსტრემისტები“ უწოდა და ხელისუფლების მიერ 25 მაისს დანიშნული არჩევნები არალეგიტიმურად და უკანონოდ ცნო.

მან ასევე გააკრიტიკა აშშ, ვაშინგტონის მიერ უკრაინისთვის დაპირებული მილიარდ დოლარიანი დახმარებისთვის. იანუკოვიჩმა თქვა, რომ ამერიკის მთავრობას არ აქვს უფლება "ბანდიტებს მისცეს ფული".

ამ ფონზე, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორენ ფაბიუსმა ფრანგულ "ინტერ რადიოს" დღეს განუცხადა, რომ მიმდინარე კვირას დასავლეთმა შესაძლოა სანქციები დააწესოს რუსეთის წინააღმდეგ. მისი თქმით, ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი პოზიტიურად არ გამოეხმაურება დასავლეთის მოწოდებებს ყირიმში სიტუაციის სტაბილიზაციასთან დაკავშირებით.